„ვესაუბრე მიხეილ გიორგაძეს და ვთხოვე შეცვალონ თამაშის წესები. რაც მისი მხრიდან ითქვა, არაფერი შესრულდა“. კომპანია „ბრავო რექორდს“-ის დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებულ ფინანსურ სკანდალებზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ ისაუბრა.
„კულტურის სამინისტრო დაახლოებით 20 წლით უკან გადახტა. ადრე მინისტრები მოდიოდნენ კონკრეტული დარგებიდან და პრივატიზირებული ჰქონდათ საწარმოები. სამწუხაროდ დღესაც ასეთი სიტუაციაა. დავბრუნდით იქ, საიდანაც ვიწყებდით.
ეს ჯგუფი ფლობს მთავარ დარბაზს, ფილარონიას. შესასწავლია ეს როგორ მოხდა. იქ ცუდი მდგომარეობაა, მე პირადად ბოდიშს ვუხდი მუსიკოსებს, როდესაც ფილარმონიაში გვაქვს კონცერტი. ბილეთების მოგებაც სრულიად მათია. თითქმის მონოპოლიაა ბილეთების რეალიზატორ კომპანიებზე.
სამინისტროს აქვს გარანტირებული 2 ჯაზ-ფესტივალის დაფინანსება. ჩვენ არ ვართ ნიუ ორლეანი. გვჭირდება 2 სრულად დაფინანსებული ჯაზ-ფესტივალი? საქართველო არის საქართველო. კარგი ფოლკლორული ფესტივალი არ აწყენდა ქვეყანას. ახალგაზრდობას მეტად მოსწონს ელექტრონული მუსიკა. რატომ უნდა იხარჯებოდეს ამდენი ფული ჯაზზე?
„ჩექ ინ ჯორჯია“-ს ფარგლებში მუსიკოსების ჩამოყვანა გაცილებით იაფად შეიძლებოდა. ცუდი მდგომარეობაა ტენდერების მხრივაც. იყო ფაქტი,როდესაც 2 დღის დარეგისტრირებულ კომპანიას მისცეს 365000 ლარი,“ – განაცხადა ზაზა შენგელიამ.
მანანა ღოღობერიძე