“ჩვენ წინ გველის არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, თქვენი თანადგომით, ამომრჩევლების მხარდაჭერით, შევძლებთ ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას,” – ამის შესახებ პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიის ყრილობა მიმდინარეობს.
”ქართული ოცნების” ძალისხმევით ამ 4 წლის მანძილზე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი, გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ამავდროულად, ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკით მნიშვნელოვნად ამაღლდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. ჩვენი პარტიის რიგები განახლების პროცესშია. ჩვენ ამჯერად ახალი გამოწვევები გვაქვს – ახალი სახეები და ახალი პერსპექტივები. ამ არჩევნებს პარტია ”ქართული ოცნება”, პირველად თავისი ხანმოკლე ისტორიის განმავლობაში, ხვდება სტაბილურ და ჯანსაღ გარემოში, როცა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს აქვს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში უთხრას ხალხს ის, თუ რა სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის, როგორ ხედავს ერთობლივ მომავალს და რის გამო უნდა ენდოს მას ამომრჩეველი.
მინდა აქვე განვაცხადო – ჩვენ არ ვაძლევთ მხოლოდ დაპირებებს მოსახლეობას. ჩვენ მათ ვაბარებთ გაკლეთებული და დაწყებული საქმეების ანგარიშს, რის საფუძველზეც თვითონ ამომრჩეველი მიხვდება და განსაზღვრავს, ვიმსახურებთ თუ არა მათ ნდობას.
ჩვენ წინ გველის არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, თქვენი თანადგომით, ამომრჩევლების მხარდაჭერით, შევძლებთ ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას. ეს არ იქნება მხოლოდ ”ქართული ოცნების, ჩვენი პარტიის წევრების გამარჯვება, ეს იქნება ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის, განვითარების იმ გზის გამარჯვება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაადგა. ჩვენ შეგვწევს უნარი შევქმნათ ახალი პოლიტიკური კულტურა და ახალი პოლიტიკური სტანდარტი ქვეყანაში. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ ხელისუფლების შტოების გაძლიერებას. ამიტომ პარტია სრულიად განახლებული, მაღალპროფესიონალი და მოტივირებული ადამიანებით შეუდგება ჩვენი ოცნების რეალიზებაზე მუშაობას. მალე დადგება დრო, როცა თითოეული მოქალაქის ოცნება გახდება რეალური. ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, გვაქვს უნარი და მოტივაცია, რომ ყველა რესურსის კონსოლიდაციით მივაღწიოთ ამას”, – განაცხადა კალაძემ.