„პროპორციით სიაში უფრო მეტი იქნება ახალი სახე. ეს იქნება დადებითი პოლიტიკური ნაბიჯი, ახალი პოლიტიკური იმიჯი ჩვენი პარტიისთვის“. „ქართული ოცნების“ ყრილობის დეტალებზე, პარტიაში მიმდინარე პროცესებზე და მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ ისაუბრა.
„მე მაქვს რთული ამოცანა, რომ შევუთავსო ერთმანეთს პრემიერ-მინისტრობა და პარტიის თავმჯდომარეობა. დღესდღეობით ჩემი სამუშაო დროის 80 %-ზე მეტი პრემიერ-მინისტრობას ეთმობა. წინასაარჩევნო პერიოდში ეს პროპორცია შეიცვლება. უფრო მეტად გადავერთვები საარჩევნო კამპანიაში.
პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრები არიან გამორჩეულები არა მხოლოდ განათლებით, არამედ გამოცდილებით. ძველი გუნდი, ახალ გუნდთან ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებს. უნდა მოვახერხოთ, რომ ახალმა და არსებულმა წევრებმა ერთად ვიმუშაოთ.
ვერ ვხედავ პარტიებს, რომლებიც შეძლებენ გარღვევა მოახდინონ დარჩენილი დროის განმავლობაში. თუმცა პოლიტიკური პროცესი სურპრიზებით არის გამორჩეული. „ქართულ ოცნებას“ არ ექნება პრობლემა, რომ უმრავლესობით შევიდეს პარლამენტში.
იმ ადამიანებში, რომლებიც შეიკრიბებიან ახალი საპარლამენტო გუნდის სახით, ფარული თუ ღია სკეპტიციზმი არ უნდა იყოს. ეს საკითხი უნდა ამოიწუროს. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. პარტია არის ნამდვილად ევროპული. ჩვენი ფასეულობები არის ევროპული ფასეულობები
თამაზ მეჭიაურს ჩვენ გავუგზავნეთ მოსაწვევი. არ ვიცი რატომ არ დაესწრო.მასთან დაკავშირებულ საკითხს განვიხილავთ. ეს იქნება გუნდური გადაწყვეტილება. არ უნდა არსებობს აზრთა სხადასხვაობა სტრატეგიულ საკითხებში.მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები სრულიად აცდენილია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. საკმაოდ მძიმე გადაწყეტილებები მიმიღია ჩემი კარერის განმავლობაში. ამ უნარის ნაკლებობას არ განვიცდი. თუმცა მეორეა ადამიანებს როგორ ექცევი. ეს ჩემი მხრიდან იქნება არაეთიკური“.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის საქმეზე ისაუბრა.
„ბატონი ბიძინას მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ის არის „ქართული ოცების“ ძლიერი მხარე. ეს მხოლოდ მისასალმებელია. არც ერთი პრინციპული საკითხი არ გადის კონტროლს და ფილტრს მასთან.ეს არ არის არაფორმალური მმართველობა. მიმდინარეობს ამ ადამიანის დემონიზაციის პროცესი. ეს არის უღირსი საქმე და უმადურება. მას არავისთვის თავი არ შეუწყენია.საქმე გააკეთა და წავიდა. კრიტიკა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ზომიერი.
არ გვჭირდება ტელევიზიებში ჩარევა და ამ მხრივ გამარჯვების მიღწევა. ცვლილება თუ მოხდება, ამას გაცილებით მეტი უარყოფითი შედეგი ექნება მმართველი პარტიისთვის. მიუხედავად იმისა,რომ ხშირად გული მტკივა, მინდა საქმე გააგრძელონ ისე, როგორც აკეთებენ.“
მანანა ღოღობერიძე