დიდი ხანი არ გასულა, მას შემდეგ, რაც მოდის “ბიბლიად” წოდებულმა, ჟურნალმა „ვოგმა“, „ლილო მოლის“ შესახებ ამცნო მსოფლიოს. რამდენიმე დღის წინ კი „ვოგის“ ჟურნალისტები ე.წ. მშრალ ხიდს ესტუმრნენ. მათ მასპინძლობა „ფეშენ“ ინდუსტრიაში კარგად ცნობილმა ქართველმა სტილისტმა, ქეთევან გვარამაძემ გაუწია. აი, როგორ შეაფასეს, ე.წ. მშრალ ხიდთან არსებული ბაზრობა ყველაზე მოდური გამოცემის ჟურნალისტებმა.
„მშრალი ხიდი, თბილისში ნაპოვნი ძვირფასი საუნჯეა ანტიკური მაღაზიები, რომლებიც ჯიბეების დასაცარიელებელი ოაზისია“, – წერს ჟურნალი „ ვოგი“ და მას ბრიმფილდის უძველეს ბზარობას ადარებს. თუმცა იმ განსხახებით, რომ მშრალ ხიდზე კავკასიური კულტურის შერწყმა საოცრად თვალსაჩინოა.
„ვოგის“ ჟურნალისტებს, თვალთახედვიდან, არც ვაჭრობის მოძველებული სისტემა გამორჩენიათ. მშრალ ხიდზე ვერ ისარგებლებ ვერც საკრედიტო ბარათით და ვერც სხვა ისეთი მომსახურებით, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ბაზარზე, უკვე დანერგილია მყიდველისთვის კომფორტის შესაქმნელად.
სტატიაში საუბარია ხანშიშესულ მამაკაცებზე , რომლებსაც „ვოგის“ ჟურნალისტების თქმით, პატარა ბიჭების მსგავსად „კეპი“ ახურავთ და გამალებით დომინოს თამაშორებენ და ამავე ასაკის ქალბატონებზე, რომლებიც პლასტმასის ჭიქებიდან ახლად დაკრეფილ მარწყვს მიირთმევენ.
მოდის ჟურნალისტებს დეტალურად აქვთ აღწერილი ნივთები, რომელთა შეძენას მშრალ ხიდზე, ანტიკვარიატის მაღაზიებში, შეძლებთ: აზერბაიჯანული სამკაულები, საუკუნოვანი ფარდაგები, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ქურთუკები. აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია ისეთ უსარგებლო ნივთებს გადაaწყდეთ, როგორიცაა: „ნოკიას“ ფირმის ძველებური მობილური ტელეფონები, ჩამოხაზული დაფები და ჩინეთიდან ახლადჩამოტანილი პლასტმასის სათველეები. აქვე შენიშნავთ დიორის მოდელებს მიმსგავსებულ ყელსაბამებსა და „სვაროვსკის“ სამაჯურებს.
უცხოელი ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამკერდე ნიშანს, რომელზეც ვლადიმერ ლენინის გამოსახულება იყო. ჟურნალისტი ამბობს, რომ მან ქეთევან გვარამაძისგან შეიტყო, რომ ასეთი ნიშნები მოსწავლეებს სკოლაში გულზე ეკეთათ. თავადაც მოარგო გვარამაძემ სამკერდეები, თუმცა ამერიკული გამოცემის ჟურნალისტის აღქმაში ის მხოლოდ დეკორაციულ ელემენტად, „მაისურის პირსინგად“ წარმოისახა.
ნანუკა მაღლაკელიძე