„სახალხო დამცველის პოზიციას არ ვეთანხმები. მოვუწოდებ, ნუ იქნება მხოლოდ ერთი ჯგუფის, გარკვეული თუ გაურკვეველი ორიენტაციის დამცველი. მას სახალხო დამცველი ჰქვია და ქვეყნის სიძლიერე უნდა დაიცვას“. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა თამაზ მეჭიაურმა 17 მაისის აქციის შესახებ უჩა ნანუაშვილის განცხადებებზე და საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე ტელეკომპანია „GDS”-ის ეთერში, გადაცემა „2030“-ში ისაუბრა.
„მეც ვადანაშაულებ ჩემს თავს, რომ თავის დროზე ის ავირჩიეთ. ამ თანამდებობაზე გაცილებით ღირსეული კანდიდატურა იყო დიმიტრი ლორთქიფანიძის სახით. არაფერს ამბობს და პროტესტს არ გამოხატავს, რომ დააზიანეს საპატრიარქო. ვინ უშლიდათ, წასულიყვნენ და ეზეიმათ სადაც ჰქონდათ საზეიმო და აღენიშნათ. არავინ არ უვარდებათ არც მანქანებში, არც ოჯახებში.
არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომ გაბრაზდებიან, კარს გამოიჯახუნებენ და თავის თანამებრძოლებს მიატოვებენ. უმადურობის მომხრე არ ვარ. მე ვერ ვიქნებოდი პარლამენტის წევრი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გარეშე. მის წინაშე მთელი გუნდი ვალშია. ვფიქრობ „ქართული ოცნების“ დატოვებას და თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილთან ყველაფერი ადამიანურად გავარკვიო. პრემიერსაც შევხვდები და გავარკვევთ წასვლის შემთხვევაში რას ვაპირებ. ჩემს კომიტეტთან დაახლოებულ საკითხებთან არ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა თავმჯდომარედ თუ არ დავრჩები ამაზეც არ მაქვს პრობლემა.
ვერც სიის და ვერც მაჟორიტარობის გამო ვერ შევიცვლი აზრს. არა თუ ეჭვი მეპარება, დარწმუნებული ვარ, რომ ნატოში ვერ შევალთ. ზოგ წევრთან მიმდინარეობს კონსულტაცია და არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ნებისმიერი გარე გავლენისგან, როგორც დასავლეთისგან ისე ჩრდიოლოეთისგან. არსებობს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებთანაც შემიძლია მომავალში თანამშრომლობა, მაგალითად ნინო ბურჯანაძე, თოფაძე, ინაშვილი,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მანანა ღოღობერიძე