ბაპტიზმი ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროტესტანტული მიმდინარეობაა, რომელსაც მსოფლიოში დაახლოებით 75 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ევროპასა და ამერიკის კონტინენტზე ბაპტისტთა მსოფლიო ალიანსი, რომის კათოლიკე ეკლესიის შემდეგ, ერთ-ერთი უმსხვილესი რელიგიური გაერთიანებაა. საქართველოში ბაპტისტური თემი ჩამოყალიბდა 150 წლის წინ და აერთიანებს 3000 -5000 მორწმუნეს.
დღესდღეობით ბაპტისტური ეკლესიები საღვთისმეტყველო მრავალფეროვნებით გამოირჩევიან და შეიძლება ითქვას, რომ მათ მკაცრი თეოლოგიური რეგლამენტი არ გააჩნიათ. ზრდასრულ ასაკში ნათლობა, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა, ადგილობრივი ეკლესიების დამოუკდებლობა, საყოველთაო მღვდლობის პრინციპი ის მთავარი განმასხვავებლი ნიშნებია, რომლებიც მათ სხვა ქრისტიანული მიმდინარეობებისაგან განარჩევს. რამდენი ხნის ისტორი აქვს საქართველოში ბაპტისტურ ეკლესიას, რა არის მათ შემოსავლის წყარო, რა პრობლემების წინაშე დგანან და როგორ აფასებენ ისინი რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, ამ და სხვა თემებზე The Tbilisi Times საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესის ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძეს ესაუბრა.
გვიამბეთ ბაპტისტური რელიგიური მიმდინარეობის შესახებ. რის საფუძველზე შეიქმნა ის და რით განსხვავდება სხვა პროტესტანტული მიმდინარეობებისგან?
– ბაპტისტური ეკლესია არის ქრისტიანული ოჯახის, პროტესტანული თემის ნაწილი. როგორც მოგეხსენებათ პროტესტანტული ფრთა სათავეს იღებს ევროპული რეფორმაციიდან, ლუთერის მოღვაწეობიდან. მოგვიანებით ლუთერისავე მოწაფეებში დაიწყო რეფორმაციის მეორე ტალღა, რომელსაც ქრისტიანობის ისტორიაში “რადიკალურ” რეფორმაციას უწოდებენ. სწორედ ამ რადიკალური რეფორმაციიდან იღებს სათავეს ბაპტისტური თემი.
თავად სიტყვა “ბაპტისტი” მოდის ბერძნულიდან (βάπτισμα baptisma), რაც ნათვლას ნიშნავს. მასში მოიაზრება კონკრეტული ფორმით- შთაფვლით ნათლობა. თუმცაღა სხვადასხვა ქვეყანაში “ბაპტისტური ეკლესია” კონკრეტულ ფრაზაშია ჩასმული. მაგ: საქართველოში რამდენიმე შტო არსებობს, ჩვენ ვართ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, არის სახარების რწმენის ბაპტისტური ეკლესია, ასევე სამხრეთელი ბაპტისტები, ჩრდილოელები და ა.შ.
ერთ-ერთი პირველი ნიშანი რის გამოც ბაპტისტურმა დენომინაციამ დაიწყო ფორმირება იყო ნათლობის ირგვლივ ატეხილი აზრთა სხვადასხაობა. კერძოდ, ლუთერისეული მიდგომისგან განსხვავებით რადიკალური ტალღა ამბობდა რომ ადამიანები უნდა ინათლებოდნენ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, იმ ასაკში როცა მას ამ გადაწყვეტილების მიღება დაუმოუკიდებლად შეუძლია. აქიდან გამომდინარე უარს ამბობდნენ ჩვილთა ნათლობაზე. მეორე ასევე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი იყო სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის საკითხი. თუმცა, რაღა თქმა უნდა ბაპტისტური მიმდინარეობა რეფორმაციის შვილია და მისგან აქვს ნასაზრდოები ისეთი თეოლოგიური საკითხები, როგორიცაა საღმრთო წერილის უზენაესობა, საყოველთაო მღვდლობა და ა.შ.
რამდენი ხნის ისტორი აქვს საქართველოში ევაგელურ-ბაპსტისტურ ეკლესიას და როგორ ხდებოდა მისი მასიური გავრცელება ჩვენ ქვეყანაში?
– ზოგადად გავრცელების არეალი არ იყო ერთი ქვეყანა, ერთი კონკრეტული თემი. საკმაოდ სპონტანურად ხდებოდა ეს პროცესი. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მისი სამშობლო გერმანიაა და მაგალითად მოჰყავს ანაბაპტისტები; ზოგი ბრიტანეთს მიიჩნევს, როდესაც ჯონ სმაისმა (John Smyth (1570 –1612) თავისი თავი მოინათლა, იმის ნიშნად, რომ ნათლობა არის ღმერთისგან; ზოგიც კი ჰოლანდიას მიიჩნევს. საქართველოში ბაპტისტური თემი ჩამოყალიბდა 150 წლის წინ, როცა ჩამოვიდა გერმანელი მისიონერი და პირველად იქადაგა მალანკანთა თემში, რომელებიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიიდან გამოყოფილი მორწმუნეები იყვნენ. რა თქმა უნდა მალაკანთა მთელი თემი არ მონათლულა, ნაწილი დარჩა თავიანთ მიდგომებზე. სწორედ ეს მონათლული მალანკები იყვენენ პირველი ბაპტისტები. ეთნიკურად ქართველები მათ შეუერთდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში. 1918 წელს განვითრებულმა მოვლენებმა, დამოუკიდებლობის განცდამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ქვეყანში, მათ შორის ბაპტისურ მიმდინარეობაში, მოხდა ისე რომ თუკი მანამდე ბაპტისტური ეკლესია ითვლებოდა რუსების ეკლესიად, რადგან გალობა, ქადაგება, მსახურებები რუსულ ენაზე ტარდებოდა, მსახურებები ქართულენოვანი გახდა.
საბჭოთა პერიოდში ბაპტისტური ეკლესია იყო რაოდენობრივად ერთ-ერთი დიდი ეკლესია.
ქალბატონო რუსუდან როგორია ბაპტისტური ეკლესიის მრწამსი და რა განასხვავებს მას სხვა ქრისტიანული დენომინაციებისგან?
– როდესაც ვსაუბრობთ ბაპტისტური ეკლესიის მრწამსზე ეს არ ნიშნავს, რომ მან სამოციქულო მრწამსზე თქვა უარი, პირიქით აღიარა მისი მემკვიდრეობა და ამავდროულად თქვა, რომ ის ასევე უნდა ასახავდეს თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვან ელემენტებს. ერთი მრწამსი თარიღდება 1709 წლით, მეორე 1712 წლით და ა.შ. მათში განსხვავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ის კონკრეტული გამოწვევები, რომელიც არსებობდა იმ საზოგადიოებაში. არც მეტი არც ნაკლები, ეს მრწამსები აირეკლავს რელიგიის თავისუფლების პრინციპებს. ეს არ იყო დამოუკიდებლად დაბადებული შეხედულებები, არამედ აბსოლიტურად ამოზრდილი საღვთო წერილიდან.
მრწამსში გაჟღერებულია ქრიტიანული რწმენის საფუძველები. აქ კარგად ჩანს სამების ელემენტი, ეკლესიის საყოველთაობა, დახსნის, მეორედ მოსვლის ელემენტი, შესაბამისად ამ თვალსაზრისით განსხვავება არ არსებობს ქრიტიანული სამყაროსგან. მთავარი განმასხვავებელი ნიშნებია: 1 ზრდასრულ ასაკში ნათლობა, 2 სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა, 3 ადგილობრივი ეკლესიების დამოუკდებლობა, 4 საყოველთაო მღვდლობის პრინციპი,
სხვა ქრისტიანული ტრადიციებისაგან განსხვავებული დატვირთვა აქვს აღსარების საიდუმლოს. აღსარებისას სასულიერო პირი არის შენს გვერდში მდგარი პიროვნება, რომელიც გეხმარება კონკრეტული სულიერი მდგომარეობიდან გამოსვლაში. საყოველთაო მღვდლობის პრინციპის ასეთი გაგება ცვლის ეკლესიის წმინდანებისადმი დამოკიდებულებასაც. რადგან შუამდგომლობის პრინციპი მოხსნილია შენ არ გჭირდება რომელიმე წმინდანი უფლამდე მისასვლელად. წმინდანები ბაპტისტური მიმდინარეობისთვის რწმენის, მოყვასის სიყვარულის, ღმერთის თანადგომის მაგალითები არიან.
ერთი შეხედვით ამ რთულ თეოლოგიურ სწავლებებს ყოველდღიურობაში აქვს ძალიან პრაქტიკული გამოვლინება.
ბაპტისტური ეკლესიის ეკლესიოლოგია არის მაქსიმალურად ჰორიზონტალური მოწყობისა. თუკი რამე იერარქიაზე შეიძლება იყოს საუბარი, ესაა „ყველაზე დიდი ყველას მსახურის“ პრინციპი.
როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია ტრადიციული ბაპტისტური რელიგიური მინდინარეობა არ აღიარებს ანაფორას, საეპისკოპოსო ინსიგნიებს და სხვა ლიტურგიკული წესებს, რომელიც წლების წინ რეფორმის შედეგად დამკვიდრდა თქვენს ეკლესიაში. რატომ გახდა საჭირო ამ რიტუალური წესების შემოტანა, აღიარება?
– ვიზუალური ელემენტები იცვლებოდა გარკვეულ ტენდენციებთან ერთად. შეუძლებელია ილაპარაკო ბაპტისტური ეკლესიის უნივერსალურ ლიტურგიაზე ან, რადგან ყველა ადგილობრივი ეკლესია არის დამოუკიდებელი. ისტორიას ახსოვს შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი ღვთისმსახურების ბაპტისტური ეკლესიაც, თუმცა ეკლესიის შესამოსელიცა და ლიტურგიაც იცვლება კულტურიდან კულტურაში. საქართველოს ბაპტისტური ეკლესიამ გაიარა სერიოზული რეფორმების ეტაპი, რომელსაც ქრისტიანული თეოლოგიის ტერმინოლოგიით განიმარტება ერთი სიტყვით _ ინკულტურაცია (Inculturisation). ეს პროცესი საქართველოს ეკლესიის შემთხვევაში შეეხო ეკლესიის ენას (ლიტურგიულ, მუსიკალურ, ესთეტიკურსა და ეკლესიოლოგიურ ენას).
როგორ ტარდება ღვთისმსახურებაა ბაპტისტურ ეკლესიაში. რით გამოირჩევა და რა არის მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელი?
– ლიტურგიული ქარგის გულისგული, ცენტრი არის ქადაგება. ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ლიტურგია მივიდეს კულმინაციმადე – ღვთის სიტყვის ქადაგებამდე, რაც უმნიშვენლოვანესი ელემენტია. ამას ემატება სხვადასხვა შუალედები გალობა, ზიარება და ა.შ.
ჩვენ ვიყენებთ უამრავ სხვადასხვა კულტურაში არსებულ საგალობლებს. ძველ ქართულ, გერმანულ საგალობლებს, განსაკუთრებით კი ტეზეს საგალობელბს (Taize Songs). ასვე გვაქვს ღმერთის საჩუქარი, რამაზ კემულარია, რომელიც ჩვენი ეკლესიისთვის წერს საგალობლებს ქართულ ჰარმონიაში. ამაშიც გამოიხატება ბაპტისტური ეკლესიის მრავალფეროვნება.
რა რაოდენობის მრევლი გყავთ და ქვეყნის რომელ რეგიანობშია წარმოდგენილი ევანგელურ-ბაპტისტური რელიგიური მიმდინარეობის სამლოცველოები?
-ბაპტისტური მიმდინაროება უკანასკენლი 20 საუკუნის განმავლობაში ბევრჯერ გაიყო. რთულია გითხრათ ზუსტად რამდენი ბაპტისტი მორწმუნეა, ალბათ, დაახლოებით 3000 -5000. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ჩევნ ეკლესიის წევრებად არ აღვიქვამთ ბავშვებს.
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიაში არსებობს ოთხი ეპარქია:
- დასავლეთ საქართველოს რეგიონი- ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი, წყალტუბო;
- ქართლის რეგიონი- ახალციხე, ბორჯომი, გორი, ხაშური, მეტეხი, კასპი;
- აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონი- კახეთი, ლაგოდეხი, წნორი, თელავი, გარე კახეთი;
- თბილისის რეგიონი, რომელიც ასევე მოიცავს- რუსთავს, გამარჯვებას, დიღომს.
ყველა ჩამოთვლილ რეგიონში გვაქვს სამლოცველო სახლები და სამრევლოები.
ქალბატონო, რუსუდან საქართველოში არსებული ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობა სახელმწიფოსგან ფინანსდება, ზოგიერთი მრევლის შემოწირულობებითა და საზღვარგარეთიდან მიღებული დახმარებით არსებობს. რა არის ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის შემოსავლის წყარო?
– ჩვენი ეკლესიის ლიტურგიული და ინფრასტრუქტურული ხარჯები აბსოლუტურად ჩვენს კისერზეა, ხოლო რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, რომელსაც ვახორცილებთ, დონორები აფინანსებენ. მათი მოძიებისთვის იგივე პროცედურებს გავდივართ, რასაც სხვა ჩვეულებრივი ორგანიზაცია, თუ სუბიექტი რომელსაც აქვს რაიმე პროექტი და სურს ფულადი დახმარების მიღება.
საქართველოში არსებულ რელიგიურ დენომინაციებთან რა სახის ურთიერთობები გაქვთ, ატარებთ თუ არა ერთობლივ ღონისძიებებს?
– საქართველოში არის საკმაოდ ძლიერი ეკუმენისტური ურთიერთობები, რომლის ერთერთი ინიციატორი ჩვენი ეკლესიაცაა. თავიდან მასში ჩართული იყო ბაპტისტური, ლუთერული, სომხური, კათოლიკური ეკლესიები.
იანვრის ბოლო ერთი კვირა არის ეკუმენური ერთობის კვირეული. მასში მონაწილეობას იღებენ ზემოთ დასახელებული რელიგიური დენომინაციების სასულიერო პირები და მრევლი. ერთობლივ ლოცვას აღვავლენთ ქრისტიანთა ერთობისათვის. რა თქმა უნდა არავის გვაქვს იმის ილუზია და შეუძლბელიცაა ამხელა რელიგიური მიმდინარეობები, როდესმე გაერთიანდებიან, მაგრამ ეკუმენური ლოცვის მთავარი სულისკვეთება არის ერთმანეთის რწმენის, შეხედულებების აღიარება, ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა. გარდა ეკუმენური ურთიერთობებისა, ეკლესია აქტიურადაა ჩართული რელიგიათა შორის ურთიერთობებშიც.
საკმაოდ კარგი ურთიერთანამშრომლობა გვაქვს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრ დენომინაციებთან. ვატარებთ სოციალური პროექტებს. ამჯერად, აქტიურად ვართ ჩართულები მუსლიმურ-ქრისტიანულ დიალოგში. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაზე საშური საქმეა.
გვაქვს ახალგაზრდული პროექტი – “მშვიდობის აკადემია”, რომლის წევრები არიან როგორც სხვადასხვა ქრიტიანული მიმდინარეობების ბავშვები ასევე, შიიტი და სუნიტი მუსლიმები, ეზიდები, სრულიად არალეგიური ოჯახის ბავშვები. აკადემიას ლექცია სემინარები აქვთ ყოველთვიურად, რომლის დროსაც ახალგაზრდები ეცნობიან და ითვისებენ ტოლერანტობის კულტურას. ასევე, მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს მათ თანატოლებს.
საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, თანამშრომლობთ საპატრიარქოსთან?
– იმ ურიერთობას რაც საპატრიარქოსთან გვაქვს თანამშრომლობას ვერ დავარქმევთ. თუკი საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებების წინამძღოლებთან ხდება შეხვედრა, ეს ნამდვილად არ არის თანასწორუფლებიანთა შეხვედრა და ბჭობა ამა თუ იმ საკითხზე.
წლების წინ მართლამდიდებლური და ბაპტისტური ეკლესიის ურთიერთობა იყო ძალიან საიტერესო და მას შიდა მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, ორივე მხარისგან, ეს ურთიერთობა იქნეობოდა უნიკალური გამონაკლისი პროტესტანტული ეკლესიებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში. ჩვენს შორის 80-იან წლებში დაიწო თეოლოგიური დიალოგი, რომელსაც არა მხოლოდ ფორმალური სახე, არამედ ძალიან პრაქტიკული გამოვლინებები ჰქონდა. კერძოდ სამშაბათ დღეს სიონში გალობდა ბაპტისტური გუნდი. ღვთისმსახურებისას, ოთხშაბათ დღეს სიტყვის თქმის უფლება ეძლეოდა გოგი ბოლოხაშვილის, რომელიც იყო ხუცესი ბაპტისტური ეკლესიის. მეორე ამბავი, სადაც ორი ეკლესიის ურთიერთობა ნაყოფიერად გამოიხატა იყო საპატრიარქოს ინიციატივით დაწყებული საღვთო წერილის თანამედრო ქართულ ენაზე თარგმნა. მოწვეული იქნა მართლმადიდებელი თეოლოგი ზურაბ კიკნაძე, იუდეური თემიდან ნისან ბაბილიკაშვილი და ჩვენი თემიდან მალხაზ სონღულაშვილი. სწორედ მათი შრომის შედეგად გვაქვს თანამედროვე ქართულ ენაზე ნათარგმნი ბიბლია.
სამწუხაროდ დღევანდელი გადასახედიდან მსგავსი მაგალითები საკმაოდ არაბუნებრივია. 90-იანმა წლებმა იმოქმედა ამ ურთიერთობებზე. რელიგიური ნაციონალიზმის გაფურჩქვნამდე ჩვენი ქვეყანა გაცილებით გახსნილი იყო რელიგიური მრავალფეროვნებისათვის.
რა არის ბაპტისტური ეკლესიის მთავარი პრობლემა დღეს. დაცულია რელიგიის, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება თქვენთვის, როგორც რელიგიური ორგანიზაციისათვის?
– ერთ-ერთი მათავარი პრობლემა ეს არის არის რელიგიური უმრავლესობის წარმომადგენელი საზოგადოების მხრიდან სრული მიუღებლობა განსხვავებულობისა. დაღი, რომელიც არა მარტო ჩვენი ეკლესიის, არამედ ყველა რელიგიური უმცირესობის სატკივარი და პრობლემაა.
ეკლესია ძალიან დაცარიელდა ბოლო 10-15 წლის მანძილზე. ის ახალგაზრდები, რომლებიც ხდებიან სტუდენტები, იწყებენ სამუშაოს, სამომავლო წინსვლას შავ ლაქად აჩნია ხოლმე ბაპტისტურ ეკლესიასთან მათი ურთიერთობა. ეს ახალგაზრდებისთვის არის სერიოზული დაბრკოლება. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდ წნეხს გადიან საჯარო სკოლებში. სამწუხაროდ,
მშობლები თავს იკავებენ რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფისა, თუ დევნის ფაქტებზე რეაგირებისაგან.
როგორ შეაფასებდით რელიგიის საკითხთა სახლემწიფო სააგენტოს, კმაყოფილი ხართ თუ არა მათ მუშაობით?
– ეს არის საბჭოური ინსტიტუცია. რელიგიის სააგენტო არის სრულიად დესტრუქციული იმ დაძაბულობის ფონზე რაც ხდება დღეს. ყველა ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა მაშინ, როცა გააძლიერა წნეხი რელიგიურ უმცირესობებზე და როცა უარი თქვა განათლების თვალსაზრისით მრავალფეროვნებისთვის ხელი შეეწყო. ყველზე უხეში გამოდგა ბოლო ხელისუფლება თავისი რელიგიის სააგენტოთი. მე თუ მკითხავთ ეს არა თუ უკან გადადგმული ნაბიჯია, არამედ წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისათვის.
სოფიკო ნინიკაშვილი