„მიხეილ სააკაშვილი იყო რევოლუციური ავანტურისტი, ხალხის მხარდაჭერა მის მხარეს გადავიდა, ამიტომ ვერ შევეწინააღმდეგე. რას იძახდნენ ქუჩაში „ნინო, ნინოს“? ვარდების რევოლუციის დროს ხალხი იძახდა „მიშა, მიშა“-ს“. ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრა ნიუსზე“, გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში ისაუბრა. მან ასევე 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა
„მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეწყობა არ არის ჩემი ბრალი. მე არც 2003 წელს ვიყავი მომხრე, რომ ის დამესახელებინა პრეზიდენტად. ეს ხალხის მოთხოვნა იყო. რაზეც მქონდა თუ არ მქონდა ბოდიში მოსახდელი, „ნაციონალური მოძრაობის“ მაგივრად მე ვიხდიდი. „ვარდების რევოლუცია“ იყო უნიკალური შანსი საქართველოსთვის, მაგრამ ეს შანსი არ იქნა გამოყენებული და ამაში ყველაზე ნაკლები წვლილი მე მიმიძღვის.
დღევანდელ ხელისუფლებას თუნდაც 26 მაისის ფაქტი რომ გამოეძიებინა, დღეს მიხეილ სააკაშვილით დაწყებული „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერი ციხეში იქნებოდა და ვერც ერთი ევროპელი თუ ამერიკელი სიტყვას ვერ დაძრავდა მათ დასაცავად. როდესაც ხურვალეთის დევნილების მოსანახულებლად ჩავედით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზონდერ ბრიგადები დაგვახვედრა და ძლივს გამოვასწარით ცოცხლებმა. ეს საქმე დღემდე არ არის არა თუ გამოძიებული, აღძრულიც კი.
ცინიზმი მინახავს, მაგრამ ასეთი თავხედობა, უტიფრობა, შუბლის ძარღვის გაწყვეტა, რაც ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან ვნახეთ, არ მინახავას. როგორ ბედავენ ხმის ამოღებას. ერთხელ არ მოუხდიათ ბოდიში იმისთვის, რომ 26 მაისის აქციის დროს არასრულწლოვნებს ძვლები დაულეწეს. ჩვენს პარტიას მაშინ ყველაზე ახალგაზრდა პოლიტ-პატიმარი გვყავდა.
მაშინ აღლუმი უნდა ჩაშლილიყო. ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, რომელმაც ტერიტორიების 20% დაკარგა და გორში მხოლოდ რუსული თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე იფორთხიალა, არ ჰქონდა აღლუმის ჩაბარების უფლება. მიხეილ სააკაშვილმა უბრალოდ მოკურცხლა შეშინებულმა. რაც შეეხება პუტინთან შეხვედრას, პუტინს თუ არ დაელაპარაკებიან ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, კიდევ ბევრი უბედურება დაგვატყდება თავს. არა მგონია ვინმე გონიერი ფიქრობდეს, რომ მეზობელს არ უნდა დაელაპარაკო, თუნდაც არ მოგწონდეს ის.
შევარცხვინე ის ქართველი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას მისცემს. დღეს ისინი ფეხზე არ ადგნენ დაღუპული ქართველების სულის მოსახსენიებლად. თუნდაც შემცდარი, პრო-რუსული, ყველაზე ცუდი ქართველები ყოფილიყვნენ.ამის მერე ქართველს, რომელიც ამ ადამაინებს ხმას მისცემს, ვერ ჩავთვლი ღირსეულად“.
ნინო ბურჯანაძემ ასევე კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარი ინციდენტი შეაფასა.
„ქვეყანაში მძიმე ვითარებაა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ხელისუფლება არის უუნარო და უგუნური. რაღაც იმედები მეც მქონდა, მაგრამ „ქართული ოცნება“ დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი რას იმსახურებემ ეს ცალკე თემაა, მაგრამ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები თუ როგორ უნდა გაუსწორდე იმათ, ვინც ამას იმსახურებს. ეს „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა. ვგულისხმობ ცემა-ტყეპას კორცხელში.
არავის გვჯერა, რომ ახალგაზრდა კუნთმაგარი ბიჭები იქ შემთხვევით აღმოჩნდნენ, უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი,ვინც მათ უკან იდგა. სპორტსმენები ჩვენი სიამაყეა, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო ნუ გამოაყენებინებენ ხელისუფლებას თავს. არ უნდა აკადრო, რომ სპორტსმენმა ხელი მოუქნიოს თუნდაც ყველაზე დიდ გარეწარს, როგორებიც ბლომად იყვნენ კორცხელში. ისინი არიან საცემები ადამიანურად, მაგრამ არა პოლიტიკურად.
დღეს მე უფრო აღშფოთებული ვარ „ქართულო ოცნებით“, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობით“. დამნაშავე კოჰაბიტაციაში შევიდნენ და ისე გააძლიერეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ხელისუფლებაში მობრუნების პრეტენზია აქვთ“.
მანანა ღოღობერიძე