„საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, რომ პოლიტიკა არ არის გლადიატორების ბრძოლა რინგზე. პოლიტიკა ეს არის საარჩევნო პროცესში და პოლიტიკურ ცხოვრებაში მაშინაც, როდესაც არჩევნები არ არის კარს მომდგარი. ოპონირება ხდება არგუმენტებით და არა მუშტებით“. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „მაესტროს“ეთერში, გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ ისაუბრა. მან განიხილა ასევე კორცხელის ინციდენტი და ქართულ-ამერიკული წრთვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„არავინ არავისზე არ გაბუტულა, ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალ-ცალკე მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა. უბრალოდ დავშორდით ერთმანეთს. მედიის მხრიდან მუდმივად ამაზე აქცენტირება ნიშნავს „ევროპა არ ვარგას“.
არავითარი ორ ცეცხლს შუა არ არსებობს, როდესაც ვსაუბრობთ ძალადობაზე. არამგონია რომელიმე პარტიას ეამაყებოდეს მოძალადე ამომრჩეველი. ჩვენს ქვეყანაში ასეთი კოლექტიური ფსიქოზი არ არის,რომელიც წაახალისებს ძალადობას. თუ ვაშენებთ ევროპულ ქვეყანას, პასუხი ნათელია. ნებისმიერი კეტი, რომელიც იქ მოიქნიეს ,მოუქნიეს ქართულ სახელმწიფოს. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობას აქვს ორმაგი მნიშვნელობა, ყველამ უნდა იცოდეს,რომ არავინ თავში არ გაივლოს მომავალ არჩევნებზე მსგავსი ფაქტი. ვინც ქვას ისვრის, მხოლოდ ის არ არის დამნაშავე, ამიტომ საჭიროა სასამართლო განაჩენი და არა ლინჩის წესით გასამართლება. უნდა იცოდნენ, რომ ხვალ და ზეგ ყველას იპოვიან, მათ შორის ორგანიზატორებსაც.
ქართულ-ამერიკული წვრთნები მნიშვნელოვანია. ქართველ ჯარისკაცებს მოუწიათ მუშაობა უშუალოდ ამერიკულ ორიგინალებთან. ქართული ჯარი „ნატო“-სთან თავსებადია და ამას ყველა გენერალი ამბობს. თუ გვინდა, რომ გვყავდეს ნატოსთან თავსებადი ჯარი, უნდა შეგვეძლოს ამ ტექნიკების გამოყენება. ეს წრთვნა იყო პოლიტიკური გზავნილიც, რომ საქართველო არ არის მარტო. ქართულ ჯარს ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს, თუმცა წევრობა არ არის დამოკიდებული არც ჯარის სტანდარტზე და არც პოლიტიკურ რეფორმებზე. მნიშვნელოვანია კონსენსუსი 28 ქვეყანას შორის“.
თინა ხიდაშელმა, გოგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზეც ისაუბრა.
„ეს იყო დაუჯერებელი ტრაგედია,დიდი ხანია ასეთი ამბავი არ გაგვიგია.რუსეთი სხვადასხვა ფორმით ცდილობს დაგვიმტკიცოს მისი ცინიკური ძალის გავლენა, მაგრამ ეს მკვლელობა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, არც ცინიზმს და არც დაშინებას. საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას მოეთხოვება,რომ მკვლელი არ დარჩეს დაუსჯელი. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ მკვლელობაში საბოლოოდ დამნაშავე არის რუსეთი. ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთმ პრობლემასთან ბრძოლა. გალის შეხვედრაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ჩემი ინფორმაციით ეს ადამიანი დაკითხვაზე ყავდა დე-ფაქტო საგამოძიებო სტრუქტურებს, მაგრამ დაკავება არ მომხდარა. გალის შეხვედრა საკმაოდ იმედის მომცემია. ამ საქმის სამართლებრივად სწორად დასრულების პერსპექტივა არის, ვგულისხმობ დაკავებას“.
მანანა ღოღობერიძე