„სწორედ ამგვარი ფორუმები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვიპოვოთ გზები ურთიერთობების განვითარებისათვის,” – მის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ ბათუმში საქართველო-სლოვაკეთის ერთობლივ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.
“20 წელია მე ბიზნესმენი ვარ, შეიძლება ითქვას, ბიზნესიდან მოვდივარ, დღესაც მე ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვედი. ეს არის შესანიშნავი იდეა, რომ დავაახლოვოთ არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყანა, არამედ რეგიონები, რადგან სლოვაკეთი დაახლოებით იგივე ზომის ქვეყანაა რაც საქართველო და ხუთ მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს”, – აღნიშნა ანდრეი კისკამ.
სლოვაკეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ბიზნესის დასაწყებად, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა ინვესტორისათვის, საქართველოში არსებული კორუფციის დაბალი მაჩვენებელია.
„ერთ-ერთი პრობლემა ბიზნესთან დაკავშირებით, რომელიც ორივე ქვეყანას გვაქვს, რადგან ჩვენ ყველა სოციალიზმიდან მოვდივართ, რომელმაც დაანგრია ჩვენ ქვეყნებში უამრავი რამ, არის ბიზნესის მიმართ ახალგაზრდების მიდგომა. ისინი ფიქრობდნენ კარგ სამსახურზე და არასოდეს ფიქრობდნენ მაშინ ბიზნესის წამოწყებაზე. დღეისათვის დადგა დრო, რომ ამაზე იფიქრონ. ჩვენ უნდა შევაცვლევინოთ მათ ეს მიდგომები, ეს თვალსაზრისი”, – აღნიშნა ანდრეი კისკამ.