„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი ნაჩქარევად არ მიგვიღია. ცა და დედამიწა არის სხვაობა თავდაპირველ ვერსიასა და ახლანდელ რედაქციას შორის. ბევრი ხარვეზი გასწორდა და ეს უნდა ითქვას,“ – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „GDS”-ზე, გადაცემა „2030“-ის ეთერშ ისაუბრა.
„პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე ლამის 3 თვე იყო და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო განხილვაში მონაწილეობა. შემდეგ, კანონპროექტი გადაეგზავნა ვენეციისკომისიას, რომელმაც უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში, 10 დღეში გამოაგზავნა თავისი რეკომენდაციები. მე მიყვარს ციფრებით ლაპარაკი, ახლაც ციფრებით ვიტყვი. 8 რეცენზია არის კარგი და წერია, რომ განვახორციელეთ კარგი ცვლილებები, 3-ზე გამოაგზავნეს შენიშვნები. ეს არის საკმაოდ კარგი შეფასება ასეთი კომპეტენტური ორგანოსგან.
არასწორია იმის თქმა, რომ ეს არის პოლიტიკური გარიგება. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ მეტად ობიექტურები, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტია. არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპოზიციურ პარტიებთან ბუნებრივად აქვთ მეტი კავშირი და მათი სიმპატიებიდან გამომდინარე იქცევიან ასე. ისინი არიან მუდმივად მთავრობის კონტროლში, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ დაკარგო ობიექტურობის განცდა.
არ მახსოვს არც ერთი ვეტო კანონზე, რომელიც იყო კონსენსუსის შედეგი. არ მახსოვს ერთად ემუშავის პრეზიდენტის და პრემიერის ადმინისტრაციებსა და პარლამენტის წარმომადგენლებს. ეს პირველად მოხდა. კანონი არის გაცილებით უკეთესი და ქმედითი, ვიდრე ის თავის დროზე იყო“.
ზვიად ძიძიგურმა ასევე ე.წ გერმანულ მოდელზე და მომავალ არჩევნებზე ისაუბრა.
„გერმანული მოდელი კარგია გერმანიისთვის, მაგრამ ცუდია საქართველოსთვის. ეს მოდელი შემოიღეს იმიტომ, რომ ერთ რომელიმე პარტიას არ შესძლებოდა მთავრობის დაკომპლექტება. ეს გაკეთდა მაშინ, როდესაც ფაშისტური მმართველობის მიერ მთელი მსოფლიოს აოხრება იყო სახეზე. ჩვენ გერმანული მოდელის მიღების შემთხვევაში მხარს დავუჭერთ პირდაპირ სამთავრობო კრიზისის წარმოქმნას. ეს იქნება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და მხოლოდ სუსტი პარტიებისთვის ხელსაყრელი.
რევანშისტული ტიპის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, არ მოერიდება არანაირ პროვოკაციას. ისინი მზად იქნებიან, რომ კორცხელის ტიპის ექსცესები შექმნან რაც შეიძლება მეტი და შეუქმნან განწყობა დასავლელ კოლეგებს, თითქოს არჩევნები არ არის დემოკრატიული. მშვიდად, წყნარად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ქვების სროლის გარეშე. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ექნება პრევენციული ხასიათი. როგორც ქუხს ისე არ წვიმს. ჩვენ გვექნება ძალიან კარგი არჩევნები,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მანანა ღოღობერიძე