სანდრო ბაზაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მოფარიკავეა, რომელიც მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მადრიდში მიმდინარე მსოფლიო თასზე უძლიერეს მოფარიკავეთა ბრძოლაში, სანდრომ ვერცხლის ჯილდო მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ექვსივე მოწინააღმდეგე დაამარცხა და 64 საუკეთესო მოფარიკავეს შორის მოხვდა.

სანდრო ბაზაძეს, რომელიც 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს, საქართველოს ეროვნული კომიტეტი დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებს. როგორც თავად სპორტსმენი ამბობს, მისი მთავარი მიზანი  ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებაა. 

13348848_1016338421754065_650164575_n

ფარიკაობით თქვენი დაინტერესება რამ განაპირობა?

– შეიძლება ითქვას, რომ ფარიკაობა ჩემი ოჯახური სპორტია. მამა ძალიან წარმატებული მოფარიკავე იყო. პირველად ფარიკაობაში ძალები ჩემმა ძმამ მოსინჯა, დაახლოებით რვა წლისწინ მეც დამაინტერესა სპორტის ამ სახეობამ  და ვარჯიში დავიწყე.

რამდენი წელია, რაც ფარიკაობა დაიწყეთ, პირველად როდის გადაწყვიტეთ, რომ სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდით?

2008 წელს პირველად გავხდი საქართველოს ჩემპიონი, დაახლოებით 15 წლის ვიყავი. ამ ფაქტმა ფარიკაობის მიმართ ჩემი სერიოზული დაინტერესება განაპირობა. საქართველოს ჩემპიონობამ მოტივაცია მომცა, რომ კიდევ უფრო მეტი გამარჯვება მომეპოვებინა.

როგორია ოჯახის დამოკიდებულება თქვენი პროფესიის მიმართ, მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

– ოჯახის წევრები დიდ პატივს სცემენ ჩემს პროფესიულ არჩევანს, შესაბამისად, კარიერულ წინსვლაშიც ხელს მიწყობენ. მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი გულშემატკივარი დედაა. ის ხშირად მეუბნება, რომ ძლიერი ვარ და შემიძლია, ეს სხვებსაც ვაჩვენო. მამა, რომელიც ამავდროულად ჩემი მწრთვნელიცაა,  უმეტესად  პროფესიულ რჩევებს მაძლევს. ჩემი აზრით, ის ორმაგად განიცდის ყველაფერს, რაც ჩემს კარიერას უკავშირდება.

აპრილში, თქვენ გახდით ჩეხეთში გამართული ტურნირის გამარჯვებული და საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვეთ ლიცენზია,იასპარეზოთ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. თუ შეგიძლიათ, დეტალურად მომიყვეთ ევროპაში გამართულ ტურნირზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ლიცენზიის მიღება და თქვენთვის საკვალიფიკაციო ასპარეზზე გამარჯვება რას ნიშნავს?

13340369_1016338465087394_1283037418_o

– ევროპაში გამართული ტურნირი ძალიან მაღალი დონისა და კვალიფიკაციის შეჯიბრება იყო. ვფიქრობ, რომ ყველა სპორტსმენის ოცნება ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა. ბედნიერი ვარ, რომ ლიცენზია მოვიპოვე  და შესაძლებლობა მაქვს, ოლიმპიურ თამაშებზე ვიასპარეზო. თუმცა, მინდა ჩემი სახელი ახსოვდეთ არა მხოლოდ ლიცენზიის გამო, არამედ, მსოფლიო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვისაც.

მთავარი მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე რა არის და როგორ შეაფასებდით საკუთარ შანსებს?

ჩემი მთავარი მიზანი, ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებაა. მჯერა, რომ რეალური შანსები მაქვს და  მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.

2016 წლის მსოფლიო ოლიმპიადა, როგორც ცნობილია, ბრაზილიაში იმართება. ოლიმპიადისთვის როგორ ემზადებით, ამჟამად როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

ყოველდღიურად, დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში ვვარჯიშობ და აქტიურად ვემზადები ასპარეზობისთვის. მალე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მივდივარ და სხადასხვა საკითხს უკვე დეტალურად გავივლი, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს.

13342318_1016338525087388_1141932308_n

როგორ არის განვითარებული ფარიკაობა საქართველოში, არსებობს თუ არა საკმარისი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, მოფარიკავეთათვის როგორი პირობებია შექმნილი?

– დღესდღეობით ფარიკაობა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ განვითარებული სპორტის სახეობაა. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს, რის გამოც, სპორტის სამინისტროს დიდ მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, რომ სულ მალე საქართველოში ფარიკაობა ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა იქნება.

ასპარეზობის წინ რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვთ, შეჯიბრის წინა პერიოდი რა განცდებს უკავშირდება?

– განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, უბრალოდ საასპარეზოდ ყოველთვის მაქსიმალურად ვემზადები და ტურნირზე  კონკრეტული მიზნით – მოსაგებად გამოვდივარ.

ვარჯიშის დროს, ალბათ, ძალიან იღლებით, თქვენთვის საუკეთესო განტვირთვა რა არის?

– ჩემთვის საუკეთესო განტვირთვა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნაა.

13318731_1016338571754050_1736945144_n

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ვკითხულობ, უფრო ხშირად – მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ვერთობი.

რაზე ოცნებობთ?

– უახლოეს მომავალში ოცნება მხოლოდ ერთ რამეზე შემიძლია – ოლიმპიურ თამაშებში წარმატების მიღწევაზე.

“თბილისი თაიმსი” სანდრო ბაზაძეს წარმატებებს უსურვებს!

ნანუკა მაღლაკელიძე

Please follow and like us: