ბატები“კურიცა მეორე, ვიხილები და მოვდივარ, ვინც არ არის დამალული ჩემი ბრალი არ არის” – მთელი ძალით გაჰკიოდა ერთ-ერთი ჩვენგანი, დანარჩენები კი წინასწარმოფიქრებული სამალავებისკენ მივრბოდით და ასე დაუსრულებლად, სანამ შეწუხებული მეზობელი ქალების ყვირილი არ დაგვშლიდა, თუმცა ეს უკანასკნელი იშვიათად თუ აღწევდა საწადელს, ერთადერთი, ვისაც თამაშიდან ჩვენი წამიერი გამოთიშვა შეეძლო – ბატების თანხლებით მომავალი, შარვალზე გვირილებმიმაგრებული საშკამაშკა იყო.

ის რაიკომის ყოფილ შენობაში ცხოვრობდა, მისი აივნიდან უსაშველოდ გრძელი კიბე ეშვებოდა, ბავშვობაში ბევრჯერ მიოცნებია იმ კიბეზე ასვლა, მაგრამ ვერასდროს ვბედავდი, რადგან იქ ცხოვრობდა ის, ვინც თმებში ყვავილებს იწვნიდა, ვინც ფერად ტანსაცმელს იცვამდა, ვინც თორმეტ ბატთან სეირნობდა და ვისაც, ამ უცნაურობების გამო, სოფელში საშკამაშკა შეარქვეს. როგორც კი ერთ-ერთი ჩვენგანი საშკამაშკას შორიდან მოკრავდა თვალს, მაშინვე დანარჩენების გასაფრთხილებლად გამორბოდა – “ქალ-კაცა მოდის, ჩქარა, წავედით “, ჩვენც ჩუმად დავედევნებოდით და მთელ დღეს მის თვალთვალში ვატარებდით. ყველას საკუთარი ვერსია გვქონდა თუ ვინ იყო საშკამაშკა. ზოგიერთი ამბობდა ბავშვებს ჭამსო, ზოგიერთს დანახულიც კი ჰყავდა, როგორ იპარავდა ბავშვებს,ზოგიერთმა ბავშვის ტირილის ხმაც კი გაიგონა საშკამაშკას სახლიდან, მე კი, რატომღაც, ყოველთვის, საშკამაშკა ბაბაეგას ძმა მეგონა. ასე იყო თუ ისე, ბავშვებმა ყვავილებიანი კაცი სამუდამოდ შევიძულეთ. ხან ბატებს ვუშენდით ქვებს, ხან საშკამაშკას ბაღში შევიპარებოდით და ტყემალს ვკრეფდით, ხანაც ეზოში დარგულ ყვავილებს ვუთხროდით, ჩვენს საქციელს მეზობელი ქალები თვალს უკრავდნენ და ჩვენც, უფრო დიდი შემართებით ვფიქრობდით, რა დაგვეშავებინა შემდეგში. მხოლოდ საშკამაშკა იდგა ჩაფიქრებული, ცალი ხელით გვირილებს წვნიდა, მეორეთი “ვოდკას” სვამდა, საკუთარ ფეხქვეშ დაფენილ ზეცას უყურებდა და მღეროდა, მღეროდა საშკამაშკა, ილანძღებოდა სოფელი, ვიცინოდით ჩვენ.

მერე დრო გავიდა, სკოლაში სიარული დავიწყე, საშკამაშკა და ჯაშუშობა ზაფხულს შევატოვე და არც ჩემთვის შეუხსენებია თავი რომელიმეს. სოფელში სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნდი და გულმაც, მაშინვე, რაიკომის შენობის გრძელი კიბისკენ გამიწია. ისევ ისე იდგა საშკამაშკას ნავსაყუდელი, ისევ ვერ გავბედე მაღლა ასვლა და ისე ვეღარ დამხვდა საშკამაშკა. მეზობელი ქალის თქმით, ბიძია ალექსანდრე ზამთრის ერთ ღამეს გაიყინა. მეორე მეზობელს უპოვნია, ბატები არ ჩერდებოდნენ და ამბავის გასაგებად ავედიო, არც მერე გაჩერებულან… ქალები მთელი დღე ფეხზე ვიდექითო, არც მერე გაჩერებულან… ქალები მთელი ღამე საჭმელებს ვაკეთებდითო, ბიძია ალექსანდრეს ბატები მთელ ქელეხს ეყოო, მერე გაჩერდნენ…. უყვარდა საშკამაშკას ბატები,ბატებსაც უყვარდათ საშკამაშკა. იმ ქვეყნად კმაყოფილი წასულა ცხონებული. ყვავილებიც დავრგეთ სასაფლაოზე, ხო, ფერად-ფერადი ყვავილები, მერე რა, რომ ყვავილები არ ვაპატიეთ.

ქრისტინე რომანაძე

Please follow and like us: