„ჩვენ გვაქვს დავალება გიორგი კვირიკაშვილისგან, რომ არ შევიზღუდოთ და მაქსიმალურად დავაჩქაროთ პროცესი. ჩვენ ახლა ყველა მონაკვეთზე ვმუშაობთ ერთდროულად. მაქსიმუმ 2020 წლის ბოლოს ავტობანი ბოლომდე უნდა გაიხსნას“. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა „პალიტრანიუსზე“, გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში ისაუბრა.
„რამდენიმე თვის წინ ჩვენ გავხსენით რუისი-აგარის 18-კილომეტრიანი მონაკვეთი. ახლა ვხსნით აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიან მონაკვეთს ხაშურამდე. უკვე შეგვეძლება ავტობანით ვიმგზავროთ ხაშურის გადაკვეთამდე. ეს არ არის ერთადერთი გახსნა, რომელსაც უახლოეს დღეებში ვგეგმავთ. მათ შორის იქნება ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზა ივნისის ბოლომდე. რიკოთის უღელტეხილის ორ მონაკვეთზე უკვე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი და მომავალ წელს დაიწყება მშენებლობა.
სერიოზული ეკონომია კეთდება პროექტების, ასევე საწვავის კუთხით. შავლიაშვილის წასვლა ძალიან ხმაურიანი იყო. ის რამდენადაც ვიცი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა და არა ფინანსური პრობლემების გამო. ჩემს შემდგომ მოსულიც შეეცდება, რომ უკეთესად გააკეთოს საქმე. რა თქმა უნდა იყო ნაკლოვანებები, თუმცა მიდგომები გაუმჯობესდა. მათ შორის ტენდერებთან, მათ დოკუმენტებთან, ზედამხედველობასთან დაკავშირებით. წელიწადნახევარი ამ სამინისტროში ვარ და არავისთვის ხელფასი და დანამატი არ გაგვიზრდია. სერიოზული ეკონომია კეთდება პროექტების, ასევე საწვავის კუთხით“.
ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ლარის კურსის შესახებაც ისაუბრა.
„გიორგი ქადაგიძე ადეიშვილის და სააკაშვილის მიერ იმართებოდა. ქართულმა ეკონომიკამ გაცილებით მეტი დარტყმა მიიღო, ვიდრე ამის საფუძველი არსებობდა. ეს იყო შეგნებული საბოტაჟური ქმედება. ის, რომ დღეს მდგომარეობა საპირისპიროა არის ამის მტკიცებულება. ერთი შეხედვით ლარი თითქოს თავის პირვანდელ ნიშნულს უბრუნდება, მაგრამ ეროვნულ ბანკს ამის შერბილებაც შეეძლო. ლარის გამყარება უნდა ყოფილიყო პერმანენტული,მაგრამ ნელი პროცესი“.
მანანა ღოღობერიძე