ამაღლებადასრულდა იესოს  მიწიერი ცხოვრება. უფალი ზეცად ამაღლდა!  გუშინ, მწუხრის ლოცვაზე ამ წელს უკანასკნელად იგალობა მართლმადიდებელმა მრევლა „ქრისტე აღდგა მკვდრეთით“.

სახარებისეული  სწავლებით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე  ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ასწავლიდა ღმერთის, ადამიანისა და სასუფევლის  შესახებ; განუცხადებდა დაფარულს, განაძლიერებდა და განსწავლიდა მათ, რადგან  შესძლებოდათ წმინდა წერილის საიდუმლოთა შეცნობა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებულ  მოწაფეებს მაცხოვარი უკანასკნელად გამოეცხადა. უფალმა მათ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა ნუგეშისმცემელს და უბრძანა, სულიწმიდის გარდამოსვლამდე არ დაეტოვებინათ იერუსალიმი. იესომ მოწაფეები ელეონის ანუ ზეთისხილის მთაზე წაიყვანა, ხელები ცისკენ აღაპყრო, აკურთხა შეკრებილნი და ამაღლდა ზეცად.

სახარებაში წერია, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფენი და ლოცვის დროს ამალდა ზეცად. მას შესცქეროდნენ მოციქულები და სხვანიც და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი. ამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე იქნება მისი დიდებით მოსვლაც. სახარებაში წერია, რომ ამ გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა. თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა მათ და მოციქულები გახარებულები არიან. მაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ სიტყვების გამო, რომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა: მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ.“ ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს, – უფალი ჩვენთანაა! მაცხოვარი ბრძანებს: „სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, – მე მათ შორის ვარ“. ამიტომ ვართ დარწმუნებულნი, რომ დღესაც ჩვენ შორისაა უფალი და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!“- აღნიშნავს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ერთ-ერთ ქადაგებაში.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11). მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, შეერთო უხორცოთა დასს და  მიწისთვისაც კი უღირსი – ზეცაში დამკვიდრდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება.

უფლის ამაღლება ზეცად ქრისტოლოგიური დოგმატი ანუ საღვთო ჭეშმარიტებაა, რომელიც გადმოცემული და დადგინებულია “მრწამსში”  ნიკეა-კონსტანტინოპოლის წმინდა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე: “და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ“. წმიდა მამათა სწავლების თანახმად, როდესაც ვამბობთ, დაჯდა “მარჯვენით მამისა”, არ ვგულისხმობთ მამა ღმერთის მარჯვენა მხარეს სივრცობრივი აზრით, რადგან დაუსაბამო და უსაზღვრო უფალს სივრცობრივი ფორმა და განზომილება არ გააჩნია. მამა ღმერთის მარჯვენა მხარეში მოვიაზრებთ იმ თანაბარ ძალას, დიდებასა და ღირსებას, რომელშიც უფალი იესო ქრისტე, ყოვლადწმიდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასი, როგორც ერთარსი მამისა, იმყოფებოდა და იმყოფება მარადიულად.

ილია მეორე- “გოლგოთა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება საოცრად დაკავშირებულია ერთმანეთთან; ეს არის ის გზა, რომელიც უნდა განვლოს ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ვკითხუ ლობთ: „ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა და ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა“. ადამიანის ცხოვრება სულ ასეთი ცვალებადია, მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს ადამიანი. სიხარულის დროს ადამიანი არ უნდა მიეცეს განცხრომას, ხოლო მწუხარების დროს – სასოწარკვეთილებას.”

შეგახსენებთ, რომ ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის. მართლმადიდებლური ეკლესია მას აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. ამაღლებიდან სულთმოფენობამდე  დასაწყისი ლოვების კითხვა იწყება  „წმინდა ღმერთოდან“, ხოლო მას შემდეგ ჩვეულებრივ; „ღირს არსის“ ნაცვლად იკითება- „ადიდე სული ჩემი ქვეყანით…“

სტატია მომზადებულია orthodoxy.ge მასალებზე დაყრდნობით.

სოფიკო ნინიკაშვილი

Please follow and like us: