პრეზიდენტის პრესსპიკერ, ეკა მიშველაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უახლოეს უშიშროების საბჭოზე თავდაცვის მინისტრისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მიშველაძემ განაცხადა, რომ ახსნა-განმარტებები პრეზიდენტს პოლონეთში გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებასთან დაკავშირებით სჭირდება, რომელშიც მონაწილეობა ქართულ ქვედანაყოფსაც უნდა მიეღო.
“მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაზე, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო ქართულ ქვედანაყოფს. მოგეხსენებათ, სწავლება “ანაკონდა 2016″ 6 ივნისს პოლონეთში ჩატარდა. მასში NATO-ს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირეუბლი ბრიგადის მეთორმეტე ქვეითი ბატალიონის, მესამე მსუბუქ ასეულს, რაც არ მოხერხდა. პრეზიდენტი თვლის, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წვრთნები არა მხოლოდ სამხედრო, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით, NATO-ს სამიტის წინ. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, უახლოეს უშიშროების საბჭოზე აუცილებლად მოითხოვს დეტალურ ახსნა-განმარტებას ამ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისგან”, – განაცხადა მიშველაძემ.
NATO-ს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობისათვის, შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა.
აღნიშნული ვირუსი ჯარისკაცებს ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ.
აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარი დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გააკეთა.
“ჩვენთვის არასასიამოვნო მდგომარეობა წარმოიქმნა, რადგან ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ წვრთნებში მონაწილეობას. სწავლებისთვის დანაყოფიც სრულ მზადყოფნაში იყო. მაგრამ გაუფრთხილებლობით, ოჯახში პატარა ბავშვს ჩუტყვავილა შეეყარა და პიროვნებამ დაავადება აღნიშნულ ასეულში შემოიტანა. სამწუხაროდ ეს ამბავი დანაყოფის სწავლებაზე გამგზავრებამდე ორი-სამი დღით ადრე მოხდა. ჩვენ მოვიწვიეთ კონსილიუმი, რომელშიც მედიკოსებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ჩვენს დანაყოფს უნდა მიეღო მონაწილეობა ამერიკული ბატალიონის დაქვემდებარებაში. საერთო გადაწყვეტილებით, რომ არ შეგვექმნა საფრთხე პარტნიორებისთვის და ზოგადად მთლიანად “ანაკონდას” სწავლებისთვის, ჩვენი ასეული ამჯერად ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ წვრთნებში. თუმცა ჩვენგან პირადად მე ვაპირებ პოლონეთში ჩასვლას, სადაც სწავლებას ორივე მიმართულების სარდალთან ერთად დავაკვირდები”, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.