დღეს, შშმ პირების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „წყნეთის კოპალაში“ ბოულინგის ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც შშმ პირები ითამაშებენ. ღონისძიების ორგანიზატორი „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“, „წყნეთი კოპალა“ და შშმ პირებით დაკომპლექტებული გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალია“.
„გაეროს 2006 წლის კონვენციის დებულებების თანახმად, სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
საქართველომ შშმ პირების უფლებების დაცვის საკითხი კიდევ ერთხელ აიღო ვალდებულებად, ასევე მათი დასაქმების, სოციალური პრობლემების მოგვარებისა და რესოციალიზაცია-ინტეგრაციის საკითხი – ევროასოცირების ხელშეკრულებით, 349-ე მუხლის დ პუნქტით.
ბოულინგის სიმბოლური ჩემპიონატიც სწორედ შშმ პირების უფლებების დაცვის გამო გავმართეთ. ეს ჩემპიონატი ბევრად არემატება სხვა ნებისმიერს, რადგან მასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები თამაშობენ ცნობილი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ამჯერად ოპოზიციურ პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღდეგ ითამაშებენ და უფლებებს ასე დაიცავენ ცნობილი პოლიტიკოსების თანხლებით. პოლიტიკური ძალა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმოდგენილ პირველ ათეულს წარმოადგენს ბოულინგის სათამაშოდ. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები, ეს იქნება ოპოზიციური ძალა თუ სახელისუფლებო. კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ დღევანდელი ბოულინგის თამაშით საზოგადოებას, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი – არსებობს მხოლოდ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანი. ჩვენ ყველა თანაბარუფლებიანნი ვართ – ერთად დავიცვათ შშმ პირთა უფლებები! აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიცავთ ევროასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს, რაც გულისხმობს შშმ პირთა სოციალური საკითხების მოწესრიგებას და მათ რესოციალიზაცის ინტეგრაციას, დასაქმებასა და თანაბარი ცხოვრების პირობების შექმნას, ეს ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა ევროპისგან, რომელიც ევროპის კარების გაღებაში დაგვეხმარება და ამ დიდი ტრადიციული და ცივილიზებული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით. და ბოლოს, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, არსებობს მხოლოდ განსაკუთრებულკი შესაძლებლობების მქონე ადამიანი,“ – განაცხადა „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ თავმჯდომარემ, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
„აღნიშნული ჩემპიონატი ამავდროულად (ააიპ) „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ პრეზენტაციას ემსახურება, რომელიც შშმ პირების უფლებების დამცველი, მათი დამსაქმებელი და სოციალური აქტივობის, რესოციალიზაციისა და ასევე პენსიონერთა დასაქმების კუთხით მუშაობს“, გვითხრა „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნელი დარბაიძემ.