„მთლიანობაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა მაღალი არ არის. ეს არის გარკვეული ძალების მიერ აგორებული საეჭვო კამპანია. ეს საკითხი პოლიტიკურ დონეზე, ვიზალიბერალიზაციის კუთხით არასდროს განხილულა“. პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტის დეტალებზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესის პროგნოზებზე გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ ისაუბრა.
„პრემიერ-მინისტრის ყველა შეხვედრაზე გამოიხატა უპირობო მხარდაჭერა. მე არ მივაკუთვნებდი გერმანიას სკეპტიკოსი ქვეყნების კატეგორიას. საქართველოს მუდამ ჰქონდა და ექნება გერმანიის მხარდაჭერა, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხში. ჩვენ ყველა მიმართულებით აქტიურად ვმნუშაობთ გერმანიასთან. პირდაპირ შეიძლება თქმა, რომ იგი არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო. თთქმის ყველა წამოწყებას აქტიურად უჭერს მხარს. ეს გამოიხატება ერთობლივ პროექტებში, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში აქტიურობით.
სწრაფი შეჩერების მექანიზმის შემუშავება აუცილებელია იმისთვის, რომ ზოგიერთი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებამ უკვე შექმნა პრობლემები ევროკავშირის წევრებისთვის. ამ შეთანხმებას მიიღებენ სავარაუდოდ ზაფხულში და შემოდგომაზე შესაძლებელია საქართვეოს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. რამე ბარიერი და არსებითი წინააღმდეგობა ამ პროცესს წინ არ უნდა შეხვდეს. შენგენის წევრი სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა საქართველოს მიმართ არის დადებითი. ასეთივე განწყობა დააფიქსირა კანცლერმა. შეჩერების მექანიზმი არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ეს ეხება ყოველ მესამე სახელმწიფოს, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა.
საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში ჩადენილი კრიმინალური დანაშაულები ბოლო დროს გახდა აქტუალური მედია-საშუალებებისთვის. დიდი თავშესაფრის მთხოვნელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. ეს პრობლემა არსებობს ჩვენი გადმოსახედიდანაც და სამწუხაროა ჩვენი მოქალაქეების მიერ ბინების თუ მაღაზიის ქურდობის შემთხვევები. ჩვენ გერმანულ საპოლიციო სტრუქტურებთან ერთად ვიბრძვით ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა ეს არ უკავშირდება ვიზალიბერალიზაციას,“ – განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
მანანა ღოღობერიძე