304areshidze1

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცე დაიპყრო  ფოტოფლეშმობმა – ,,მშიბზია“, სიტყვა აფხაზურია და ქართულად ითარგმნება, როგორც ,,გამარჯობა“.  ინტერნეტაქციის მთელი მიზანი 8 000 მისალმების შეგროვება და აფხაზებისადმი დანარჩენი საქართველოდან სალამის გაგზავნა იყო ( არის).

,,გადავწყვიტეთ, 8 ათასი ადამიანი შეგვეგროვებინა, რომლებიც აფხაზებს თავიანთ ენაზე მიესალმებოდა,” –ასეთია ბაჩო მებურიშვილს, პროექტის ერთ-ერთი ავტორის კომენტარი.

ამ დროისათვის სპეციალურ ვებგვერდზე   www.mshibzia.com  3 000 სურთზე მეტია გამოქვეყნებული, აქცია არაერთი ცნობილის სახე- ზაზა ფაჩულია, კახა კინწურაშვილი, ლევან წულაძე და სხვ. შეურთდა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარ ფლეშმობს არაერთი ადამიანი შეუერთდა, ქართველი სკეპტიკოსებიც გამოჩნდნენ. გთავაზობთ, რამდენიმე  კრიტიკულ კომენტარს:

„რომელ აფხაზს სჭირდება თქვენი გამარჯობა? არ გამოვა აფხაზეთის აღიარება! ნუ შეეწირებით ამ ავანტურას!“;

„მე არავის დავუხრი თავს. აფხაზები თავად უნდა ისწრაფვოდნენ საქართველოსკენ, ევროპისკენ და განვითარებისკენ. თავად მითვალონ „მშიბზია”, „დობრი ვეჩერები”, რომ როგორმე დავიხსნათ რუსული, ჩაბნელებული კლანჭებისგან“;

„აფხაზები უკვე ასეული წლებია არიან რუსული პროექტი და ეს ყველაზე კარგად რუსეთის ჟანდარმერიის სრულყოფილად განხორციელებული მიზანია. არიან თითზე ჩამოსათვლელი ერთეული ადამიანები ვინც რაღაცას ხვდება, მაგრამ ვერასოდეს ისინი კრიტიკულ მასას ვერ შექმნიან. ტოტალურად გაუნათლებლები და ძალიან ჩამორჩენილები არიან ზოგადად და მიახლოებით გასულ საუკუნის 70-80 წლებში ცხოვრობენ. განათლება , რუსული ტვინგამორეცხილი და არძინბას მიერ დაწერილ ისტორიაზე გაზრდილებისგან რას ელოდებით?ამბობენ „აფხაზები” მსგავს რგოლს ამზადებენ სიტყვით: აბზიარაზ – რაც ნიშნავს ნახვამდის! ასე რომ, გამოფხიზლდით და ღორების წინ ნუ აბნევთ მარგალიტს“;

„მინდა გკითხოთ ვინც ამას აკეთებთ, თავმოყვარეობა არ გაქვთ?! ეს ხალხი ახლაც ქართული სისხლითაა მოწყურებული და მიუხედავად ამისა, უსინდისოდ თავს უხრით მათ. რამდენი გიგა ოთხოზორია უნდა მოგვიკლან კიდევ, რომ ამ „ფსევდოდიპლომატიას” შეეშვათ?!“;

„ჩვენ 8000 დღეა არ მივსალმებივართ, იმათ კი დაახლოებით 25 დღეა არ მოუკლავთ ქართველი“.

,, დამოკიდებულება ნახეთ რაა…. თურმე ხალხს, რომლებმაც დაგვხოცა, გამოგვყარა სახლ-კარიდან, წაგვართვა სამშობლო და მიწა-წყალი აქეთ უნდა ვეხვეწოთ შერიგებაზე, მერე ჩვენ აქედან მშიბზია თუ რაღაც ვუთხრათ და კიდე გადმოიპარონ მაგათივე ხელით აღმართულ “საზღვარზე” და გვკლან არა? გიგა ოთხოზორიას სისხლი მიწას არ შეშრობია და ასეთ სიბრიყვეს აქვს კიდევ ადგილი. აი ასეთი დამოკიდებულების გამო დაწყო ომი თავის დროზე ენის მოჩლეფვით და თავის დახრით რომ ვექცეოდით მაგათ. ჩვენ კი არა ეგენი უნდა შეგვირიგდნენ, მაგათმა უნდა შემოგვირიგონ! მაგრამ ეგ არ მოხება სანამ ყველა ნამდვილი ქართველი ასე არ იფიქრებს. ამ ყველაფრის მერე რას იფიქრებენ? შეგვიძლია მოვკლათ, სახლიდან გავყაროთ გადავუაროთ და ეგ არაფერი, შეგვრჩება , დაჟე იქით მოვლენ და შერიგებას შეგვეხვეწებიანო… დაგვცინიან აფსნები შეიგნეთ ეგ!“

ამ კომენტარების საპასუხოდ ფლეშმობის ორგანზიატორებმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნეს:

,,რა არის აფხაზური და რუსული პროპაგანდა? რომ ქართველებს და აფხაზებს ერთად ცხოვრება არ შეგვიძლია, რომ ქართველები ვერ ვიტანთ აფხაზებს და მხოლოდ მათი გადაშენება გვინდა ამ ტერიტორიიდან. ნებისმიერი სკოლის მოსწავლესაც კი ქართველებს აცნობენ ისე რომ ჩვენი ერთად ცხოვრება მათ გადაშენებას ნიშნავს… და სხვა უფრო მცირე დეტალები: პური გაძვირდა ქართველების ბრალია, მგელი დარბის სოხუმის გარეუბანში ქართველების ბრალია და ა.შ. მოკლედ გაჟღენთილი არიან ჩვენზე ნეგატიური ინფრორმაციით. ამას ემატება ყოველ დღიური ნებისმიერი ჩვენი შეხებისას ერთმანეთის ლანძღვა, ნეგატიური კომენტარების დატოვება და რაც მთავარია მუქარა ომით. აფხაზეთში არიან ახალგაზრდები რომლებმაც არ იციან კარგად რა ხდება აქეთ ჩვენ მხარეს საქართველოში და შეუძლებელია არ ინტერესდებოდნენ ჩვენით ისე უბრალო ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მაინც… და ნებისმიერი აგრესია, მუქარა და შეურაწყოფა დასტური და გაძლიერებაა ამ პროპაგანდის… რა თქმა უნდა იქით ბევრია ადაამიანი რომელიც შესაძლოა ჩვენი პირდაპირი მტერია თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ მხოლოდ ასე არ არი და ოდესმე უნდა მათ უნდა განგვიხილონ როგორც მათი ყოფის მომავალ ალტერნატივად არ გვგონია რომ მხოლოდ ერთი პატარა აქციის ან ნებისმიერი ერთი მოქმედებით რამე ძირეულად შეიცვლება, ალბათ ამას ძალიან ბევრი დრო დაჭირდება. თუმცა ეს აუცილებლად მოხდება… ფიქრი იმაზე რომ ომით ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ჩვენი აზრით ძალიან მცდარია რადგან იმ ტკივილს რომელიც ჯერ არ განელებულა გავაათმაგებთ და სამუდამოდ დავკარგავთ ამ პრობლემის მოგვარების შანს… მეორე გზა რომელიც ხშირად ფიქსირდება ხოლმე რომ დასუსტდება ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და და შემდეგ ყველაფერი ადვილად მოგვარდება არარეალურია ველოდებით უკვე დიდი ხანია და კიდევ თუ ვიცადეთ 20 წელზე ამის იმედით ამ ყოველდღიური პროპაგანდის აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება… ომი ბევრნნაირი არსებობს იარაღით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ.“

საქართველოში ახალგაზრდების საინიციტავო ჯგუფის მიერ განხორციელებულ ინტერნეტ – აქციას “მშიბზია” – „გამარჯობა“ , აფხაზეთში კონტრ-პროექტით, ,,აბზიარაზ“ – „ნახვამდის”, უპასუხეს.

აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი ,,ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ,,მშიბზიას” აფხაზეთიდან აქციით ,,აბზიარაზ” უპასუხეს. ამ გამოხმაურებაზე საკუთარ აზრს ის გამოცემის მკითხველს უზიარებს.

„სინამდვილეში, სავარაუდოდ, მედიური რამ მოხდა – თქვენი შეკითხვა, ჩვენი პასუხი, რაც, სინამდვილეში თამაშის ხასიათს ატარებს და არა – სერიოზულს”, – ასე ხსნის ანტონ კრივენიუკი ამ გამოხმაურების მნიშვნელობას.

ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს სხვადასხვა პროცესების აღქმის ესთეტიკაში ქართველებსა და აფხაზებს შორის სხვაობას: ,,აფხაზური საზოგადოება საკმაოდ ასკეტურია, ანუ, მასში ნაკლებია საინფორმაციო კამპანიები, აქციები, მიტინგები, ხმაური. ქართული საზოგადოება სრულიად სხვაა – ის, ამ გაგებით, შესაძლოა მეტად თანამედროვე და სახალხოა. ისინი ფლეშმობებით, კამპანიების მეშვეობით, იდეური აქციებით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებებს. აფხაზურ სახოგადოებაში ეს კულტურა უბრალოდ არ არის”, – ამბობს ანტონ კრივენიუკი.

გამოცემის შეკითხვაზე, ,,ნახვამდის” ეს ადამიანური რეაქციაა თუ პოლიტიკური ზეგავლენით გამოწვეული პასუხი, ჟურნალისტი პასუხობს: ,,პოლიტიკური ტრადიციაა. ეს ახლა უბრალოდ უფრო ღრმა კომპლექსების ინსტალაციაა”.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე  მომხდარის შესახებ ,,თბილისი თაიმსთან“ კომენტარს აკეთებს:

,,როგორც მე ვიცი, აქცია ოთხოზორიას მკვლელობამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, თუმცა, მაინც გაუგებარია,  მისი შინაარსი, მით უმეტეს, როდესაც ამ ადამიანის მკვლელობის საქმის გამოძიება ჭიანურდება.

ადრეც მახსოვს აქციები –  ,,ბოდიში აფხაზებს“, რომელიც დღევანდელი ომბუდსმენის ორგანიზებული იყო, აგრეთვე, ახალი წლის მილოცვა აფხაზებისადმი.

ფაქტია, რომ აქციამ ვერ იმუშავა, გაუცხოების ხარისხი გაიზარდა და გამოჩნდა, რომ ოთხოზორიას მკვლელობის ფონზე, აქციის ორგანიზატორები ვერ ფლობენ არსებულ სიტუაციას, კარგი იქნებოდა, რომ ფლეშმობის  ჩატარებმადე აზრი კომპეტენტური პირებისთვის ეკითხათ.“

ეს პირველი აქცია არაა, საზოგადოებას კარგად ახსოვს 2007 წლის კამპანია, რომელსაც სათავეში დღევანდელი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ედგა და სლოგანი ასე გამოიყურებოდა- ,,ბოდიში აფხაზებო!“.  საინტერესოა, რომ  ამ აქციას იმ დროს ასეთი ნეგატიური შეფასებები არ მოჰყოლია.

ნატალია ჯალაღონია

Please follow and like us: