„ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის წართმევის, რაიმე სახის შევიწროვების მაგალითი არ არსებობს. რა თქმა უნდა ბიზნესი თავისუფალია.ეს არის პირველი შემთხვევა,როდესაც სახელმწიფო და ბიზნეს-სექტორი შეთანხმდა გენერალურ გეგმაზე. ეს არის პარტნიორული დამოკიდებულება“. ამის შესახებ ბიზნესმენმა, კომპანია „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „GDS“-ზე, გადაცემა „2030“-ის ეთერში ისაუბრა.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვერ დაასახელებთ ბიზნეს-კომპანიას, რომელსაც აქვს წნეხი სახელმწიფოსგან. იმ ფონზე, როცა სამი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე კვოტირებს და ასეულობით ინვესტორია ჩართული მათი მხრიდან, ზედმეტია ლაპარაკი ბიზნესის თავისუფლებაზე. რა თქმა უნდა წინ მივდივართ, რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. ინფლაცია ნორმალურ რეჟიმშია. არსებობს სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები.
ჩვენ გვაქვს პატარა ეკონომიკა. ადამიანების დიდი რაოდენობა შეჭირვებულია. ამ პრობლემებს აქვს მინიმუმ 25 წლიანი ისტორია. დავდიოდით ერთ წრეზე და სერიოზული გარღვევა ვერ მოვახერხეთ.როგორ უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა მეტად მიმზიდველი. გამოსავალი არის ინფრასტრუქტურის განვითარება. მნიშვნელოვანია,რომ მომავალი წლიდან უქმდება მოგების გადასახადები. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
დიალოგი,რომელიც ეკონომისტებს, ბიზნესმენებსა და მთავრობას შორის მიდის, ყოველგვარ ფორმალობას და უფროს-უმცროსობას მოკლებულია. მთავრობის კაბინეტში მიდის კამათი, კრიტიკა თუმცა საბოლოოდ ვიღებთ ჯანსაღ გადაწყვეტილებებს. გიორგი კვირიკაშვილი არის საკმაოდ კვალიფიციური და ორიენტირებული, რომ ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. ბოლო 25 წელი ჩვენი განვითარება მიდიოდა უგეგმოდ და სპონტანურად.
მთავრობას სჭირდება გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე. არ გვაქვს ფიქრის დრო,რადგან გარშემო კონკურენტუნარიანი გარემოა. საჭიროა სამინისტროების შემცირება. ძალიან ბევრი ორგანო აბსოლუტურად ტყუილად არსებობს. საჭიროა ხელისუფლებაში, ბიუროკრატიაში მომუშავე ადამიანების რაოდენობის შემცირება. სწრაფად უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები,როგორიც არის ტექნიკური დათვალიერება, ძველი მანქანებით ქალაქში სიარულის აკრძალვა. არ შეიძლება წელს 18 ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანი გვყავდეს. ამ ტიპის გადაწყვეტილებები წინასაარჩევნოდ არ უნდა ფერხდებოდეს, იმიტომ რომ არ განაწყენდეს მანქანების მფლობელები. არჩევნები არ უნდა იყოს არც გადაწყვეტილების და არც ბიზნესის შემაფერხებელი ფაქტორი,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მანანა ღოღობერიძე