ბლოკნოტები, ღვინის ბოთლის სასაჩუქრე ყუთები, ჭიქის სადგამები, მოხატული ნივთები, საათები, სანათები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ნივთებისა,რასაც მომხმარებელს ხელნკეთი ნივთების ბრენდი hama.ge სთავაზობს.
ხელნაკეთი ნივთები საქართველოში ძალიან პოპულარულია,ამ ფაქტმა სეგმენტზე ადგილის დაკავება გაართულა. „თბილისი თაიმსმა“, რამდენიმე ბრენდის შესახებ უკვე გიამბოთ. ამჯერად, Hama.ge-ით დავინტერესდით.
მიუხედავად იმისა, რომ Hama ( HAndMAde) რამდენიმე თვის დაარსებულია ის სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბრენდი მომხმარებლებს არამხოლოდ უზადოდ შესრულებულ ნივთებს სთავაზობს, არამედ მათივე სურვილის რეალობად ქცევას ჰპირდება.
ჩვენ ბრენდის ერთ-ერთ დამაარსებელს გიორგი ჯიქიას ვესაუბრეთ. მან სამი მეგობრის ბიზნეს იდეის, Hama.ge-ის პროდუქციის უპირატესობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბო.
თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესახებ რომ გვიამბოთ, საიდან გაჩნდა იდეა და ვინ არიან გუნდის წევრები, როგორ შეიკრიბეთ, როგორ არის ფუნქციები განაწილებული?
– მეგობრები, რომლებმაც დავიწყეთ ეს საქმიანობა, ვმუშაობდით ისეთ სამსახურებში, რომელიც მხოლოდ ფინანსური შემოსავლის წყარო იყო და საქმიანობა სიამოვნებას არ გვანიჭებდა. გარდა ამისა, ხელფასის ზრდასთან ერთად გვეზრდებოდა მოთხოვნილებებიც (მოთხოვნილებები უფრო სწრაფად), შეიძლება ითქვას, რომ ის დრო დადგა, როცა რაღაც უნდა შეცვლილიყო ჩვენს ცხოვრებაში. დროდადრო გავაცნობიერეთ, რომ შეგვეძლო ჩვენი საერთო ხედვებით წამოგვეწყო საერთო ბიზნესი. იდეა თავიდანვე საკმაოდ ბევრი გვქონდა, ზოგი დაბადებისთანავე ჩაკვდა, ზოგი კი ფინანსურმა მიუწვდომლობამ ჩაშალა. ასე თუ ისე, რაღაც კრიტერიუმებით რამდენიმე იდეა გაიფილტრა და საბოლოოდ მივიღეთ დღევანდელი hama.ge. უმთავრესი ფილტრი, რომელიც ჩვენს იდეას უნდა გაევლო, იყო ინოვაციურობა ქართულ ბაზარზე და მთავარი, ჩვენს მიერ მიწოდებული პროდუქციით/მომსახურებით მომხმარებელი აუცილებლად მინიმუმ კმაყოფილი ან აღფრთოვანებული უნდა დარჩენილიყო.
პლუს ამას, ეს საქმიანობა ჩვენთვისაც არ უნდა ყოფილიყო რუტინული. hama.ge -ში ბიზნეს-პარტნიორების სახით ვართ – მე, ზურა წიქარიშვილი და გიორგი ოქროპილაშვილი. ჩვენი მეგობრობა უკვე წლებს ითვლის და იგი გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე hama-ს იდეა დაიბადებოდა. გვყავს მე-4 თანამშრომელი, მხატვარი ანანო ხიზანიშვილი, რომელიც hama-ს ფერებში გარდასახავს. თუმცა, საბოლოოდ hama-ს მხოლოდ ჩვენ ოთხნი არ ვქმნით. Hama-ს ქმნის თითოეული მომხმარებელი, რომელიც სასურველ ნივთს უნიკალური დიზაინით რეალობაში გარდასახავს. უკეთ, რომ ვთქვათ, იდეასა და რეალურ პროდუქტს შორის არსებულ გზაზე ჩვენ უბრალოდ შემსრულებლები ვართ.
დღესდღეობით,საქართველოში ხელნაკეთი ნივთები ძალიან პოპულარულია, რითი გამოირჩევა ge სხვა ბრენდებისგან და რამდენად აქტიურობენ უცხოელი მომხმარებლები?
– „აქციე სურვილი ხელნაკეთ რეალობად“ – hama.ge-ს ეს სლოგანი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ თითოეული ნივთი არის ინდივიდუალური ხედვისა და სურვილის შედეგი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას საკუთარი, უნიკალური დიზაინი – ნატურალური ხის ან ფერებში გარდასახული. რაც შეეხება მომხმარებლებს, ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ არც უცხოელი მომხმარებლების სიმწირეს განვიცდით, ძირითადად საქართველოში მცხოვრები უცხოელები, თუმცა იყო რამდენიმე ტურისტი, რომელმაც შემთხვევით გაიგო ჩვენზე და აღფრთოვანებულები დარჩნენ, როდესაც ზუსტად ისეთი ნივთი მიიღეს, როგორიც მათ სურდათ.
რას ნიშნავს თქვენი ბრენდის სახელი და როგორ შეუძლია მომხმარებელს დაგიკავშირდეთ?
– ჩვენი ბრენდის სახელი სიტყვა „ხელნაკეთის“ ინგლისური თარგმანიდან მოდის. (HAndMAde). მომხმარებელსა და ჩვენს შორის ურთიერთობა ჯერ მხოლოდ Facebook გვერდის საშუალებით ხდება, უახლოეს მომავალში კი გაეშვება ჩვენი საიტიც, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მომხმარებელსა და მის სურვილებზე. თითოეული მომხმარებელი გაცილებით მარტივად შეძლებს მიხვდეს რისი შექმნა შეუძლია.
პროდუქციის შესახებ, რომ უამბოთ მკითხველს, რამდენად მრავალფეროვანია ის ნივთები, რომელთაც მომხარებელს სთავაზობთ და რა მასალებით მზადდება ისინი?
– რაც შეეხება პროდუქციას, დღესდღეობით წარმოებაში გვაქვს ხის ბლოკნოტები, ღვინის ბოთლის სასაჩუქრე ყუთები, ჭიქის სადგამები, ბრელოკები, მოხატული ნივთები, საათები, 3D ფიგურები, სანათები, ჭაღები, საკანცელარიო ნივთები და სხვა. თუმცა,დროდადრო აუცილებლად გაიზრდება პროდუქციის ჩამონათვალი, ვინაიდან Hama.ge ფანტაზიის რეალობად ქცევის საუკეთესო საშუალებაა.
რაც შეეხება მასალას, ძირითადად ხეზე და ორგანულ მინაზე ვმუშაობთ, ზოგჯერ ტყავსაც ვიყენებთ. თითოეული ნივთი საკმაოდ ბევრი კრიტიკისა და შეფასების შემდეგ იღებს საბოლოო სახეს. ეს კრიტიკა, საწყის ეტაპზე, ჩვენი შიდა სამზარეულოდან მოდის, თუმცა ნებისმიერი რჩევა თუ კრიტიკა მომხმარებლისა და გარე პირის მხრიდანაც მისაღები და ხშირ შემთხვევაში გათვალისწინებულია.
თქვენი პროდუქცია ძირითადად ხისგან მზადდება, რატომ ხე და როგორ ფიქრობთ,რამ განაპირობა, ბოლო პერიოდში, ხით დამზადებული ნივთების პოპულარობა?
– ხე ასოცირდება სისუფთავესა და ბუნებრიობასთან. არის ეკოლოგიურად სუფთა როგორც დამუშავების, ასევე გამოყენების მხრივაც. ნივთები, რომლებსაც ვამზადებთ უმეტესობა მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად ჩვენს ინტერესებშიც შედის მომხმარებლების კეთილდღეობა.
თუ გაიხსენებთ ყველაზე საინტერესო, ორიგინალურ იდეას, რომლის დამზადებაც გთხოვეს და თუ გაქვთ თქვენი ფავორიტი ნამუშევარი (ები)? და თუ კი, რომელი?
– მომხმარებლის მიერ შექმნილი თითოეული დიზაინი თავისმხრივ ორიგინალური და გამორჩეულია. არის ერთი, რომელსაც განსაკუთრებულად გამოვარჩევდი, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ დასახელებისგან. პირადად ჩემთვის, როგორც შემქმნელისთვის ფავორიტ ნამუშევრად საათს გამოვარჩევდი. ნივთს რომელმაც დღესდღეობით თითქმის დაკარგა მისი მეორე, უმთავრესი ფუნქცია – ვიზუალი. ხოლო ჩვენი „ამოცანა“ სწორედაც რომ მის ორიგინალურ და მომხმარებლისთვის სასურველ დიზაინად ქცევაა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? თუ გეგმავთ გაფართოებას?
– მოლოდინი და მიზნები გაცილებით დიდი გვაქვს, ვიდრე ამ ეტაპზე ფიქსირდება, თუმცა ვთვლით, რომ ყველაფერი წინაა.
მომხმარებელს აუცილებლად ვპირდებით, რომ ხარისხი და სურვილთან მაქსიმალურად მიახლოებული ხელნაკეთი რეალობა უპირველესი მიზანი იქნება. ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი უკვე განვითარების ისეთ სტიმულს გვაძლევს, რომ დღითიდღე გვემატება ახალი გეგმები – ვხდებით უფრო ამბიციურები.
ვინაიდან რეგიონებში დიდი მოთხოვნაა, ჩვენი უახლოესი მიზანია თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში მაღაზიის გახსნაა. ჩვენს მომსახურებას დაემატება ადგილზე მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით . უახლოეს მომავალში საქართველოს ნებისმიერ წერტილში შესაძლებელი იქნება ჩვენი პროდუქციის მიწოდება. ხოლო, რაც შეეხება შორს მიმავალ გეგმებს – ჩვენი მიზანია პროდუქციის ექსპორტზე გატანა, რადგან ვთვლით, რომ ამ კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს. ჩვენი უცხოელი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან იმ ყველაფრით, რასაც ვქმნით.
ნათია კეკენაძე