შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი იგივე “სვანა” საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს.
შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის 19 ივნისს, შსს-მ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით რაც გულისხმობს, ქურდული სამყაროს წევრობას ან “კანონიერ ქურდობას”.
“გამოძიებას საფუძვლად დაედო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთმა წევრმა ე.წ. “კანონიერმა ქურდმა” საქართველოს სახელმწოფო საზღვარი გადმოკვეთა.
სამი დღის მანძილზე უწყებამ გააზრებულად არ გააკეთა კომენტარი რათა გამოძიებას ხელი არ შეშლოდა. ზემოაღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით განხორციელებული ინტენსიური მომქედებების შედეგად, საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას, კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებული იქნა აღნიშნული პირი. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებული პირი 2016 წლის 22 ივნისს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებას.
მედიაში და ასევე, უკრაინის შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული პირის, როგორც ე.წ.კანონიერი ქურდის, უკრაინიდან საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ქართული მხარისთვის წინასწარ ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი უკრაინიდან, კერძოდ, ქალაქ ოდესიდან შესაძლო დეპორტაციის შესახებ.
მით უფრო, თუკი უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა.
გამოძიების ფარგლებში, ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა.
ჩვენ ველით კოლეგებისგან პასუხს. მანამდე კი, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული პირი უკვე დაკავებულია და მას 48 საათის განმავლობაში ბრალი წარედგინება. საქმეზე გრძელდება გამოძიება.
აქვე მსურს, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ სოციალურ ქსელებში დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ჩასაფრებულის პოზიციიდან დაკვირვებას, თუ რას მოიმოქმედებს პოლიცია, ვფიქრობ, აჯობებს, რომ ყველამ მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი და შეატყობინოს სამართალდამცავ უწყებებს შესაძლო დანაშაულის შესახებ. ჩვენ, პოლიცია, უფრო ეფექტურად, უფრო ხარისხიანად და უფრო ოპერატიულად შევძლებთ ასეთ გარემოებებზე რეაგირებას.
ეს არის დასავლური სტანდარტი, რომლისკენაც ყველა მივისწრაფვით”,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გივი თარგამაძემ 19 ივნისს გაავრცელა. დავით გერლიანის თბილისის აეროპორტში შემოსვლის კადრები ტელეკომპანია “რუსთავი 2”- მა გადაიღო.