,,თბილისი თაიმსზე“ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ვიდეო კი იმით არის ორიგინალური, რომ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ექსპრომტი ჯგუფი განსხვავებულ მუსიკალურ კომპოზიციას გვთავაზობს. ( იხილეთ ვიდეო)
გადავწყვიტეთ, რომ ეს ადამიანები თქვენთვის გაგვეცნო და ერთ-ერთ მათგანს, მიხეილ ჯავახიშვილს დავუკავშირდით, რომელიც პროფესიით აკადემიური გუნდის დირიჟორი, ხალხური სიმღერის შემსრულებელი და სპეციალისტია, ერთი სიტყვით – მუსიკოსი.
მიხეილი წლების განმავლობაში მღეროდა ანსამბლებში – ,,ბიჭები” ,,მეხური” , სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდში, ანსამბლ ,,ბასიანში”, სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელაში. ამჟამად კი ანსამბლ ,,შავნაბადას” წევრი , ეთნოჯაზბენდ ,,ირაოს“ წევრი, ასევე ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ,,შავნაბადას” ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
გარდა ხალხური სიმღერისა, ცნობილ ქართველ შემსრულებლებთან ერთად გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების – გია ყანჩელის, მიხეილ მდინარაძის, დავით ევგენიძის, დავით მალაზონიას, ჯუმბერ ამანათაშვილსა ნაწარმოებებსც ასრულებს.
ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივ რადიოში რადიოწამყვანის თანამდებობაზე მუშაობს, ასევე – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონულ სამსახურში.
რაც შეეხება ვიდეოში ასახულ ექსპრომტ მუსიკალურ შესრულებას, ამის შესახებ მიხეილი ასე გვიყვება:
,,გასულ წელს გავხდი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელი. წლის განმავლობაში სკოლაში იმართება რამდენიმე სემინარი, რომლის სასემინარო დღის ბოლო აღინიშნება მცირედი შეხვედრით, სადაც ყველა მსმენელი გამოხატავს თავის აზრს, გვაცნობს საკუთარ შემოქმედებას და ნიჭს. აქ იკრიბებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მე და ჩემმა მეგობრებმა ანსამბლ ,,იბერისა” და ჯგუფ ,,ირიაოს” წევრებმა- გაგა აბაშიძემ, ბუბა მურღულიამ, გოგა კაპანაძემ და ჩვენმა მეგობარმა, არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა – ანდრო დგებუაძემ გადავწყვიტეთ გვემღერა ან უბრალოდ იმპროვიზაცია გვეცადა.
რაც ვიდეოში არის ასახული სრული იმპროვიზაციაა, არანაირი წინასწარი, დაგეგმილი ნომერი. ბიჭებმა დასვევს ბურდონი. ვიცოდი რომ ანდრო დგებუიძეს შეეძლო კარგად გამოეცა საყვირის ხმა. ის არაჩვეულებრივად ასრულებს სხვადასხვა მიმართულების მუსიკას. დასმულ ბურდონზე იქვე მოვიფიქრე მელოდია, რომლითაც შეიძლებოდა დაგვეწყო. ვიდეოში ისმის ქართული აღმოსავლური მელოდები, ძველ თბილისში კარგად გავრცელებულ და პოპულარულ ჰანგზე იქვე შეიქმნა მელოდია, რომლის ვარირება ხდება შემდეგ ანდროსა და ჩემი შესრულების დროს.
უნდა აღნიშნოს, რომ ანდრო დგებუაძე გატაცებულია ფოტო-ვიდეო ხელოვნებით და მას სულ თან აქვს გადამღები აპარატი. ამ მომენტშიც ანდრომ, ნომრის დაფიქსირების მიზნით, ჩართო კამერა და გადაიღო ვიდეო, რომელმაც მართლაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
რაც შეეხება იმას, აპირებენ თუ არა მომავალში მსგავსი მუსიკალური კომპოზიციების შესრულებას, მიხეილი გვეუბნება, რომ უკვე აქვთ გარკვეული იდეები და სურვილი, რომ ერთობლივი საქმიანობა განაგრძონ.
იქამდე კი, სოციალურ ქსელებში ვიდეო დღემდე არ კარგავს პოპულარობას და საზოგადოებაც ელის ახალ მუსიკალურ კომპოზიციებს.
ნატალია ჯალაღონია