„ნეგატივი უვე სახეზეა და ეს გააგრძელებს მოქმედებას გრძელვადიან პერსპექტივაშიც. არანაირი გარანტია იმისა, რომ ბრიტანეთი შეინარჩუნებს პრივილეგიებს ევროპის ბაზარზე, არ არსებობს. ბრიტანეთმა შეიძლება იზარალოს,თუმცა ის არა თუ გადარჩება, ის მშვენივრად იქნება“. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თანმდევ შედეგებზე, ევროსკეპტიციზმის გამომწვევ მიზეზებზე დიდი ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიორგი ბადრიძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის სტუდიის“ ეთერში ისაუბრა.
„ევროსკეპტიციზმს დიდ ბრიტანეთში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. ევროსკეპტიციზმი აქტიურად ჩაისახა 80-იან წლებში. ისტორიულადაც ის არ არის ამ კავშირის დამფუძნებელი წევრი. ის შედარებით გვიან შეუერთდა ევროკავშირს და არასდროს ბოლომდე არ ყოფილა მზად ინტეგრაციისთვის. ბრიტანეთი ყოველთვის ცალკე იყო ევროპის კონტინენტისგან, ის თვითმყოფადი ცივილიზაციაა. არ გაერთიანებულა საერთო საზღვრებში, საერთო მონეტარულ პოლიტიკაში.ბრიტანეთი 70-იან წლებში იყო გაძვალტყავებული, დღეს ის ევროკავშირს ტოვებს,როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი სახელმწიფო.
ამ კონკრეტულ რეფერენდუმს წინ უძღოდა კრიზისი უშუალოდ „კონსერვატორულ პარტიაში“. დევიდ კამერონის დაპირება, რომ 2017 წლამდე ჩაატარებდა რეფერენდუმს, მიზნად ისახავდა პარტიის შიგნით კრიზისის მოგვარებას და საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამყარებას. მეორე პოლიტიკოსმა ჯონსონმა აჯობა პოლიტიკური ხრიკებით. ეს კამპანია აღმოჩნდა მოკლე გზა ჯონსონის პრემიერ-მინისტრის ოფისისკენ“.
გიორგი ბადრიძემ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თანმდევ ეკონომიკურ პროცესებზე და საქართველოს ფაქტორზეც ისაუბრა.
„გამოსვლის მომხრეები არწმუნებდნენ მხარდამჭერებს,რომ ბრიტანეთი დაიბრუნებს თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობებს, გააფართოვებს სავაჭრო ურთიერთობებს და ეს გაანეიტრალებს იმ ზარალს, რაც მოყვება კავშირიდან გამოსვლას. ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდრო თანამშრომლობის მოსურნე არის,მაგრამ პრეზიდენტის განცხადებით არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ბრიტანეთი გადაახტუნონ იმ ქვეყნების გრძელ რიგს,რომლებიც უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს აშშ-თან. ყველა შემთხვევასი ბრიტანეთს ეს დაუჯდება ეკონომიკური შესაძლებლობების დაკარგვად. გამოსვლის მსურველები აპირებენ დარჩნენ საერთო ბაზრის ნაწილად, მაგრამ ისინი გარანტირებულად კარგავენ გავლენას ამ სავაჭრო ბლოკის მოლაპარაკებებზე სხვა პარტნიორებთან. ბრიტანელებს ამ მოლაპარაკებებში სიტყვა აღარ ეთქმით.
სახეზეა ევროკავშირის კრიზისი,თუმცა ეს ამავე დროს არის შესაძლებლობა, რომ დიდი ხნის გადავადებული რეფორმები დაიწყოს დაუყოვნებლივ. ამ კრიზისის მიუხედავად ევროკავშირი არის უახლესი ისტორიის ყველაზე წარმატებული თანამეგორობა.
აბსოლიტური სისულელეა, რომ აღარ აქვს აზრი ევროავშირში გაწევრიანებისთვის ბრძოლას. ამის ალტერნატივა საქართველოს აქვს ევრაზიული კავშირის სახით,რომელშიც ძალით აერთიანებენ ღარიბ, არადემოკრატიულ, კორუმპირებულ ქვეყნებს. ევროკავშირი მოახერხებს ამ კრიზისიდან გამოსვლას და იქნება მეტად მიმზიდველი კავშირი იმ დროისთვის,როცა საქართველო იქნება მზად გაერთიანებისთვის“.
მანანა ღოღობერიძე