მანქანა

ბავშვობიდან დამჩემდა ძველი, ნანგრევებად ქცეული შენობების სიყვარული. თუმცა სიყვარული შეიძლება არც დავარქვათ იმ იდუმალ მიზიდულობას, რაც ჩემსა და ნასახლარ, ხავსით მოსილ სახლებს შორის არსებობს. აუხსნელი გრძნობით ვათვალიერებ ასეთ შენობებს, მერე საათობით ვდგავარ და ჩუმად ვესაუბრები მათ. დიახ, მე მწამს რომ თითოეული ძველი, ნანგრევებად ქცეული შენობა ატარებს უდიდეს ისტორიას..წარსულს, როცა იყო..როცა იდგა..როცა ჯერ კიდევ ცოცხლობდა..ნასახლარების ნახვა მიყვარს, აი, ნაკაცარებისა კი არა დიდად..ეს ხომ ჩუმი დიდებულებაა. მდუმარე ხმაური..დიახაც, ისინი ხმაურობენ, ყვირიან, ღრიალებენ კიდევ წარსულიდან..შორეულეთიდან ..მაინც მომავლისთვის..

ნანგრევებად ქცეულ და მაინც წარსულშემორჩენილ შენობებს რომ ვხედავ, სურვილი მიპყრობს, ვიქცე მართლა დიდად, ჩავჯდე ჩემ იასამნისფერ „ხოჭოში“ და წავიდე შორს, წავიდე უმისამართოდ..მარტომ მოვიარო ჩემი ქვეყანა..ხმაურიანად დავადგა ფეხი მისი მიწის თითოეულ გოჯზე და ხალხიც ავახმაურო, გავაფერადო. მინდა გაზაფხული ვიყო. ბევრი ტკბილი, ბევრი ღიმილი, ბევრი ემოცია გავცე და ასე ვიგრძნო საქართველო. ასე ვიქცე ქართველად, ჭეშმარიტ ქართველად.  ხომ, დაე, უკვირდეთ . მე ჭეშმარიტი ქართველობა ვიცი და მესმის მაშინაც კი, როცა შეიძლება ჩოხის ნაცვლად დახეული ჯინსები გეცვას ტანზე, როცა აზიაცკების ნაცვლად უბრალო კედებით დააბიჯებდე და ხელშიც ხანჯლის ნაცვლად ძალიან ბევრი, ბევრზე ბევრი იასამნის ყლორტი გეჭიროს.

ასეც ხდება.. იასამნებს არიგებ, შენ იასამნისფერობას უყოფ სხვებს და შენც ერთბაშად ხდები ქართველი.. ნამდვილიც, ჭეშმარიტიც. ისეთივე გულწრფელად ჭეშმარიტი, როგორც ბებიას ნაოჭებშეპარული მარჯვენას უთბილესი შეხება. ესაა ჭეშმარიტება.. ამის წინააღმდეგ ყოველგვარობაც უძლურია.

ხომ, თქვენთვის ჟღერდეს პათეტიკურად. ვინც არ მიცნობთ, ვერ მცნობთ. ვერ ხედავთ ჩემში იასამნისფერს . დაე, გეგონოთ ეს ყოველივე პათეტიკური, მე კიდევ 20 წლის უბრალო გოგო დახეული კედებით შემოვივლი ჩემ ქვეყანას, მეყვარება იგი გულის გულში და არა სტატუს-კომენტარებში. გავაკეთებ ჩემ საქმეს, გავუღიმებ, გავაჩუქებ, ვუწილადებ სხვებს ემოციას. რაც მთავარია, მიზეზებისა და მიზნების გარეშე, ვიქნები უბრალოდ ბედნიერი.

მერე ავდგები და ჩემი ქვეყნის უმაღლეს მწვერვალზე  მდგარი ხმამაღლა ვიყვირებ,, იოგების ჩახლეჩამდე  ყველასთვის გაუგებარ ფრაზებს, ვიყვირებ დილიდან დაღამებამდე, მერე კი მთელ საქართველოს მაღლიდან იასამნებს გადმოვაყრი. დაე, გაწვიმდეს ჩემ ქვეყანაში იასამნებით. ხომ , და კიდევ შენიშვნა-კრიტიკის მიუხედავად  გავაგრძელებ, მე ანნა, ჩემი ქვეყნის ასე,  “პათეტიკურად ” სიყვარულს.

ანნას საქართველო უყვარს. ჭეშმარიტად უყვარს! ისე როგორც თქვენამდე უყვარდა და ეყვარება კიდევ დიდხანს, თავის უკანასკნელ იასამნების ყვავილობადე.

მანამდე კი სანამ ჩემ იასამნისფერ ‘ხოჭოს’ დავქოქავდე და ჩემი წილი საქართველოს აღმოსაჩენად წავიდოდე, ისევ უბრალო ანნა ვარ, რომელიც ზამთრის არდადეგებს მშობლიურ სახლში ატარებს, მწვანეთვალება კატას ემტერება და „ხოჭოსა’ რა მოგახსენოთ, მაგრამ ძმის ძველი ველოსიპედით დასეირნობს სოფლის ნახევრადცარიელ ქუჩებში. ანნა მაინც ჭეშმარიტია. ანნას ასეც უყვარს თავისი საქართველო !!

P.S.  თქვენი ნებაა, მიბაძავთ თუ არა ანნას. ის მაინც იქნება ასეთი..იასამნისფერი…

ანა ურუშაძე

 

Please follow and like us: