“ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე,” – ასე უპასუხა საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის გადაწყეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
“ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და მოიცავს არაერთი უწყების ჩართულობას, როგორიცაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური სამინისტრო, ასევე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, ასეთი გადაწყეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ, ტექნიკური მომზადების გარეშე. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომ, ზოგადად, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, ცნობილია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე. ნორმალური ფორმატია, რომ როდესაც ასეთ გადაწყეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება. ამაზე იყო საუბარი. მგონია, ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ. თინასაც, ალბათ ვურჩევ, სჯობს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეს არ არის საყოველთაო გაწვევის გაუქმება და ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი უარს დამატებით კონტიგენტზე ამბობს. მეორეს მხრივ, პრემიერის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა, პირველ რიგში, მთავრობაში, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობა და საკითხი განსახილველია უშიშროების საბჭოზე.
“ვფიქრობ, მთელი ეს ფორმატი, გადაწყვეტილების იმპლემენტაციის, ანუ დანერგვის პროცესში, უნდა იქნას გავლილი და მხოლოდ ის, რომ სტრატეგიული მიმართულება განსაზღვრულია, საკმარისი არ არის გადაწყვეტილების მყისიერად გასატარებლად. ამ საკითხისგან დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა საჭირო არ არის და ვფიქრობ, ის სამუშაო რეჟიმშია გადასატანი”, – აღნიშნა პრემიერმა.