,,თბილისი თაიმსზე“ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ვიდეო კი იმით არის ორიგინალური, რომ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ექსპრომტი ჯგუფი განსხვავებულ მუსიკალურ კომპოზიციას გვთავაზობს. (იხილეთ ვიდეო)

გადავწყვიტეთ, რომ ეს ადამიანები თქვენთვის გაგვეცნო და ერთ-ერთ მათგანს, მიხეილ ჯავახიშვილს დავუკავშირდით, რომელიც პროფესიით აკადემიური გუნდის დირიჟორი, ხალხური სიმღერის შემსრულებელი და სპეციალისტია, ერთი სიტყვით –  მუსიკოსი.

მიხეილი წლების განმავლობაში მღეროდა ანსამბლებში – ,,ბიჭები” ,,მესხური” , სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდში, ანსამბლ ,,ბასიანში”, სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელაში. ამჟამად  კი  ანსამბლ ,,შავნაბადას” წევრი, ეთნოჯაზბენდ ,,ირაოს“ წევრი,  ასევე ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ,,შავნაბადას” ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

გარდა ხალხური სიმღერისა, ცნობილ ქართველ შემსრულებლებთან ერთად გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების  – გია ყანჩელის, მიხეილ მდინარაძის, დავით ევგენიძის, დავით მალაზონიას, ჯუმბერ ამანათაშვილსა ნაწარმოებებსც ასრულებს.

ამჟამად  საქართველოს საზოგადოებრივ  რადიოში რადიოწამყვანის თანამდებობაზე მუშაობს, ასევე – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონულ სამსახურში.

მიხეილის მთელი ცხოვრება მუსიკასთანაა დაკავშირებული, ამიტომ, მისდაუნებურად, ყველა სამუშაო ირიბად თუ პირდაპირ, ამ მიმართულებასთანაა კავშირში. სწორედ ასე მოხდა ერთ-ერთ უკანასკენელ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური სწავლების სკოლაში შესრულებულმა ექსპრომტმა მას დიდი გამოხმაურება და წარმატება მოუტანა.

მიხეილ ჯავახიშვილი

რაც შეეხება ვიდეოში ასახულ მუსიკალურ იმპროვიზაციას, ამის შესახებ მიხეილი გვიყვება, რომ გასულ წელს პოლიტიკური სწავლების სკოლის სტუდენტი გახდა, სადაც წლის განმავლობაში სხვადასხვა სემინარი ტარდებოდა, სასემინარო დღის მერე კი შეხვედრები იმართებოდა, სადაც ყველა მსმენელი გამოხატავდა თავის თავს, აზრს, ნიჭსა თუ შეხედულებას.

,,აქ იკრიბებიან  სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.  მე და ჩემმა მეგობრებმა ანსამბლ ,,იბერისა” და ჯგუფ ,,ირიაოს” წევრებმა –  გაგა აბაშიძემ, ბუბა მურღულიამ, გოგა კაპანაძემ და ჩვენმა მეგობარმა, არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა – ანდრო დგებუაძემ გადავწყვიტეთ გვემღერა ან უბრალოდ იმპროვიზაცია გვეცადა.

რაც ვიდეოში არის ასახული სრული  იმპროვიზაციაა, არანაირი წინასწარი, დაგეგმილი ნომერი. ბიჭებმა დასვევს ბურდონი. ვიცოდი რომ ანდრო დგებუიძეს შეეძლო კარგად  გამოეცა საყვირის ხმა. ის არაჩვეულებრივად ასრულებს სხვადასხვა მიმართულების მუსიკას.  დასმულ ბურდონზე იქვე მოვიფიქრე მელოდია, რომლითაც შეიძლებოდა დაგვეწყო. ვიდეოში ისმის ქართული აღმოსავლური მელოდები, ძველ თბილისში კარგად გავრცელებულ და პოპულარულ ჰანგზე იქვე შეიქმნა მელოდია, რომლის ვარირება ხდება შემდეგ ანდროსა და ჩემი  შესრულების დროს,“- აღნიშნავს მიხეილი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ანდრო დგებუაძე გატაცებულია ფოტო-ვიდეო ხელოვნებით და მას სულ თან აქვს გადამღები აპარატი. ამ მომენტშიც ანდრომ, ნომრის დაფიქსირების მიზნით, ჩართო კამერა და გადაიღო ვიდეო, რომელმაც მართლაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

რაც შეეხება იმას, აპირებენ თუ არა მომავალში მსგავსი მუსიკალური კომპოზიციების შესრულებას, მიხეილი გვეუბნება, რომ უკვე აქვთ გარკვეული იდეები და  სურვილი, რომ ერთობლივი საქმიანობა განაგრძონ.

იქამდე კი, სოციალურ ქსელებში ვიდეო დღემდე არ კარგავს პოპულარობას და საზოგადოებაც ელის ახალ  მუსიკალურ კომპოზიციებს.

ირაო

ეთნოჯაზბენდი ,,ირიაო”

მიხეილის სამომავლო გეგმებიც მუსიკასთანაა კავშირში, ხშირად მოგზაურობს ,,შავნაბადას“, ,,ირაოსა“ დ კვარტეტ ,,ალავერდთან“ ერთად უცხოეთში. გარდა ამისა, ეთნოჯაზბენდი ,,ირაო“ ხშირად არის მიწვეული ცნობილ ჯაზფესტივალებზე, რომლის უცვლელი მონაწილეც მიხეილია.

კითხვაზე, თუ როგორ ყურადღებას იპყრობს ქართული მუსიკა და როგორ აფასებს მას უცხოელი მსმენელი, მიხეილი აღნიშნავს:

,,ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება ქართული ხალხური მუსიკა ან ჯაზში შერწყმული ქართული ჰარმონია. ჩასვლისთანავე ვხვდებით უცხოელებს და ვასწავლით ხალხურ სიმღერას ან ვესაუბრებით საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ.“

როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, მიხეილი რამდენიმე მუსიკალურ ჯგუფშია, აქედან ზემოთ ჩამოთვლილი  სამი ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ქვეყანას და უახლოეს მომავალშიც უკვე გაწერილია მრავაწლიანი მოგზაურობების განრიგი, რომლებიც ქართული კულტურისა და მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ეს გეგმებიც სწორედ მუსიკასთანაა დაკავშირებული, გეგმები მრავალფეროვანია, თუმცა, აუცილებლად, მუსიკასთან კავშირში.

ნატალია ჯალაღონია

Please follow and like us: