„2015 წელს მსოფლიო ბანკის მიერ ჩაარებული კვლევის მიხედვით ჩვენ არ ვართ მოწინავე, მაგრამ არც ლიდერი ვართ უარყოფითი ნიშნით. ლოგიკურადაც რომ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოში ჰაერი იყოს უფრო მეტად დაბინძურებული, ვიდრე ჩინეთში“. ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „პოლიტიკის“ ეთერში ისაუბრა.
„კვლევასთან დაკავშირებით დღესაც ბევრი კითხვა გვაქვს. მასში 2012 წლის მონაცემებია განხილული. ჩვენთვის უცნობია რა წყაროებს ეყრდნობოდა იგი, გვაქვს ეჭვები კვლევის მეთოდოლოგიასთან, ინფორმაციის სანდოობასთან. ჩვენ გვქონდა მიმოწერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მივიღეთ პასუხი, რომ უმჯობესია ჩამოვიდნენ და ადგილზე შეისწავლონ ვითარება.
მნიშვნელოვანი ფაქტორია მყარი საწვავის, შეშის გამოყენება. მოსახლეობის უმრავლესობა სოფლად ცხოვრობს. სოფლის 87%-ი და ქალაქის 12-13%-ი გათბობისა და საკვების მომზადებისთვის მყარ საწვავს გამოიყენებს. დაახლოებით სამმილიონ-ნახევარი შეშა გამოიყენება გათბობისთვის. მნიშვნელოვანი ფაქტორებია ასევე, მწვანე საფარის სიმცირე, რომელიც ისეთი დიდი ქალაქისთვის, როგორიც თბილისია 50 %-ია. მნიშვნელოვანია მტვერი, უნდა კონტროლდებოდეს, რომ გაფრქვევები არ ხდებოდეს სამშენებლო მოედნებიდან.
ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების რეალიზების ფარგლებში. 2012 წელთან შედარებით ბენზინში გოგირდის შემცველობა 25 -ჯერ შევამცირეთ. დღეს ბენზინში გოგირდისა და ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე გაცილებით მცირეა. 2015 წლამდე თბილისში მხოლოდ ერთი ავტომატური სადგური გვქონდა ვაშლიჯვარში, მას დაემატა ბათუმი და ჭიათურა. ზესტაფონში კერძო სექტორთან თანამშრომლობით გაჩნდა 4 ავტომატური სადგური. თბილის მიმდინარე წლის ბოლოს კიდევ 3 სადგური დაემატება,სადაც ჰაერი ყველა პარამეტრით იზომება. ვაშლიჯვარი ფონურად ბუნებრივ სურათს ვერ მოგვცემს.
ავტო-ტექ-დატვალიერების საკითხსაც დროში ეტაპობრივად გაწერილად მოვაგვარებთ. ბოლო პერიოდში საქართველოში იმპორტირებული 800000 მანქანა არის იმ ასაკის, რომ მათი ტექნიკური მონაცემები აღარ შეესაბამება ევროპაში დადგენილ სტანდარტს. ევრო-5 სტანდარტის საწვავი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ მას ევრო-5-ის სტანდარტის ავტომანქანა უნდა მოიხმარდეს,“ – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე