თორმეტი მოციქულიპეტრე-პავლობის მომდევნო დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს თორმეტ მოციქულს ერთად იხსენიებს. კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ცნობები მისი აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.

მათეს სახარებაში მოთხრობილია, თუ როგორ გამოარჩია მაცხოვარმა 12 მოციქული და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა” (მთ. 10, 1).  შემდეგ მახარებელი ჩამოთვლის სახელებს: პირველად, სიმონი რომელსაც ეწოდა პეტრე და ანდრეა, მისი ძმა; იაკობ ზებედესი და იოანე, მისი ძმა; ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მეზვერე; იაკობ ალფესი და ლებეოსი, რომელსაც თადეოზი ეწოდა მოგვიანებით; სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გახდა მაცხოვრის გამცემელი. როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, გაგზავნა ისინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა” (ლკ. 9, 2). უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებმა კრება გამართეს, სადაც გადაწყდა იუდა ისკარიოტელის მაგივრად აერჩიათ სხვა მეთორმეტე მოციქული. ასე გახდა მატათა  ათერთმეტთა მოციქულთა შორის.

მაცხოვარმა ზეცად  ამაღლების შემდეგ, მოციქულებს მოუწოდა გალილეის ერთ-ერთ მთაზე (ელეონის) და უკანასკნელი კურთხევა მისცა მათ: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა” (მთ. 28, 18-20).

ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით აღვსილმა  მოციქულებმა მიუხედავად მრავალი დამცირების, შეურაცხყოფისა და დევნისა, სახარება მთელ ქვეყანაზე გაავრცელეს.

უძველესი უცხოური და ქართული წყაროები ადასტურებენ, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნის 30-იან წლებში გავრცელდა – ქრისტეს მოციქულების მეშვეობით.აქ ქრისტეს მოძღვრება ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს.

მცხეთის საპატრიარქო ტაძარი-სვეტიცხოველი სწორედ თორმეტი მოციქულის სახელობისაა, ამიტომ ეს დღე მცხეთისა და სვეტიცხოვლისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია.

სვეტიცხოველი

ილია მეორე: სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარს საფუძველი პირველად IV საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. იგი მეფე მირიანის, დედოფალ ნანასა და წმინდა ნინოს ლოცვით აშენდადღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რატომ უწოდეს საქართველოში პირველ ტაძარს 12 მოციქულის სახელი და საერთოდ, რა ძალა აქვს მოციქულთა დასს? ვინ არიან ისინი? საოცარია, რომ უფალმა მოციქულებად უბრალო მესათხევლენი აირჩია და ამით თავისი ძალა გამოავლინა!

უფალი ეუბნება პეტრე მოციქულს: „შენ ხარ კლდე და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ეს სიტყვები ეხება არა მარტო პეტრე მოციქულს, არამედ ყოველ მოციქულს. სწორედ მათზე დაფუძნდა ეკლესია, რომელსაც ვერ მოერევა ბჭენი ჯოჯოხეთისანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია მუდამ იყო და იქნება სიმართლისათვის, ჭეშმარიტებისათვის მებრძოლი და ამ ბრძოლაში ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ მას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, არის და იქნება ის სულიერი საუნჯე, რომელსაც წლებისა და საუკუნეების მანძილზე იცავდა და ინარჩუნებდა ქართველი ერი. ეკლესია მუდამ ამთლიანებდა ქართველ ერს. თუ სადმე ხდებოდა დაყოფა და დაპირისპირება, იქ აუცილებლად ეკლესია დგებოდა შუაში და ერთმანეთთან არიგებდა მტრად მოკიდებულებს სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი წმინდა 12 მოციქულის სახელზეა აშენებულიანუ იმ მოციქულთა სახელზე, რომლებზეც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ეკლესია დააფუძნა. სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ ეწოდა მოციქულთა სახელი პირველ ტაძარს. საოცარია, რომ ზუსტად იმ დროს დაფუძნდა ეკლესია კონსტანტინეპოლში და ტაძარი იქაც 12 მოციქულის სახელზე აიგო.

საქართველო ძლიერია! საქართველო აუცილებლად გაუძლებს იმ განსაცდელს, რომელიც არის დღეს და იქნება მომავალში, რადგან ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა თავისი კალთა სრულიად საქართველოს და ყოველთა ქართველთა! აი, ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს. არ უნდა შედრკეს ქართველი ერი!“(13,07,2006)

სვეტიცხოველი ქართული არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა საქართველოს რელიგიურ ცენტრს. ის იყო საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს ეკლესიის მეთაურთა კათოლიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია. აქ  ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა – კურთხევა, ჯვრისწერა, ქართველ უფლისწულთა მონათვლა; ქართველ მეფეთა, დედოფალთა, ბატონიშვილთა და კათოლიკოს-პატრიარქთა დაკრძალვა. იგი მცხეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო  ცენტრს წარმოადგენდა და ჰქონდა ძალზედ მდიდარი ბიბლიოთეკა.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Please follow and like us: