„მე ვფიქრობ ახლა ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად დამძიმებული თავად გიგლაა. თუმცა მან გააკეთა არჩევანი და მორჩა.ხვალიდან გიგლა აგულაშვილი იქნება უბრალოდ კონკურენტი პარტიის წარმომადგენელი“. გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე და პარტია „რესპუბლიკელების“ მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი“–2–ზე, გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.
„ჩვენ მარტში განვაცხადეთ,რომ „რესპუბლიკური“ პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას. ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას,რომ იმ წამსვე ვანგრევდით კოალიციას, უმრავლესობას და მთავრობას. ჩვენ მაშინ ისიც ვთქვით,რომ „რესპუბლიკური“ პარტიიდან მთავრობაში წარდგენილი მინისტრები თანამდებობებს არ დატოვებენ ქართველის სტალინისტების, რუსი კარასინების თუ სხვების შეძახილების გამო. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით, ან პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად მივიღებთ. მოვლენები ზუსტად ამ განცხადების შესაბამისად ვითარდებოდა.
ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, რომ პარტია საარჩევნო რეჟიმზე ივლისში გადაერთვებოდა. მიუხედავად იმისა, მიიღებდნენ თუ არა მინისტრები არჩევნებში უშუალო მონაწილეობას. მაგალითად პაატა ზაქარეიშვილს თავიდანვე ჰქონდა ნათქვამი,რომ არჩევნებში კანდიდატად არ მიიღებდა მონაწილეობას. „ქართულ ოცნებას“შევთავაზეთ, რომ თუ ჩვენთან თანამშრომლობა სურდათ, რესპუბლიკელი მინისტრები დარჩებოდნენ თანამდებობებზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ უკვე ხალხის არჩევანი გადაწყვეტდა. მათგან იყო პასუხი,რომ ეს შეუძლებელია. მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოუდგენიათ მინისტრების დარჩენა პოსტზე, თუ ისინი დატოვებენ პარტიას.
გიგლა აგულაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც რა თქმა უნდა არ ვეთანხმები. თავად მოვლენა იყო ემოციურად მტკივნეული თემა. არ ვიცი ბოლო წლებში პერსონალურად ამდენად მტკივნეული რა იყო. თუმცა პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ მზად ამ ტიპის გულის ტკენებისგან. ის არ იყო პარტიის რიგითი წევრი. ჩვენ ერთად გავიარეთ მძიმე წლები და იყო ამ ყველაფრის წინა პლანზე. გიგლა აგულაშვილი საკმაოდ გამოცდილი კადრია, დიდი როლი ითამაშა კოალიცია „ქართული ცონების“ ჩამოყალიბებაში. მორჩა ეს დღე და ხვალიდან თავის საქმეს უნდა დაუთმოს ყურადღება და შესაძლებლობები. ჩემი მასთან მიმართება იქნება ისეთივე,როგორიც სხვა მინისტრებთან. რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, ვერ შევცვლი, რომ მე გიგლა აგულაშვილის შვილის ნათლია ვარ და ეს ასე დარჩება, ადამიანური ურთიერთობები გაგრძელდება. ამ თემაზე შეფასებებს ჩემი მხრიდან ვასრულებ.
„რესპუბლიკური“ პარტია არჩევნებზე მიდის დღევანდელი სტარტიდან. ყოველი დღე უკვე იქნება საარჩევნო პროცესით ნაკარნახევი. თვის ბოლომდე გაირკვევა კანდიდატების ვინაობაც. პრემიერ–მინისტრთან მეც და სხვა მინისტრებსაც გვქონდა კონსტრუქციული, მშვიდი საუბარი. ჩვენ ვთვლით,რომ მთავრობაში ყოფნით ვემსახურებით ქვეყანას და არა საკუთარ ვნებებს. პრემიერ–მინისტრთან შევთანხმდით იმაზე, რომ რამდენიმე დღეში თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი დაასრულებენ საქმიანობას და ახლად არჩეულ პირებს გადააბარებენ საქმეს,“–განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე