„აგულაშვილის გზას ამ პარტიის ბევრი წევრი დაადგება.მოვლენების ლოგიკა ამაზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ,რომ რესპუბლიკური პარტიის აქტივის 90 %–ს თავად არ სჯერა საკუთარი პარტიის წარმატების“. „რესპუბლიკურ პარტიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროზე“, გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ ისაუბრა.
“მათ არ უყურებენ როგორც პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალას. საკმაოდ ბუნდოვანი მომავალი აქვთ. არ ვგულისხმობ პარტიის დაშლას, რადგან ამ პარტიის თვისებაა მისი ძირითადი ჯგუფის კონსოლოდირება. ეს ეხება რეგიონულ,საქალაქო სტრუქტურებს, სადაც ადამიანები თანამშრომლობდნენ იმიტომ,რომ პარტია მართალია უკანა კარიდან,მაგრამ მაინც იყო ხელისუფლებაში. ისინი ოთხი წელი პარაზიტირებდნენ. ეს არაჯანსაღი ვითარება ადრე თუ გვიან დასრულდებოდა. დღეს ვნახეთ,რომ ეს დამთავრდა,რაც გარდაუვალი იყო. გასაკვირია ეს ყველაფერი აქამდე რატომ მოვიდა.
თუ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება დამოუკიდებლად სურდათ, „ქართულ ოცნებას“ კი არ უნდა მიეთითებინა მათთვის კარისკენ, თავად უნდა წასულიყვენნ რამდენიმე თვით ადრე. ასე ამომრჩეველთან კომუნიკაციას ააწყობდნენ. საქმე იმაშია,რომ ამ პარტიას ამომრჩეველთან მისასვლელი გზა არც არასდროს ჰქონია მთელი ისტორიის განმავლობაში. სახალხო ლეგიტიმაცია ძალაუფლების ერთადერთი ფუნდამენტია. „რესპუბლიკელებისთვის“ ძალაუფლების წყარო ოთხი წლის განმავლობაში იყო ბიძინა ივანიშვილი. დღეს ისინი აღარც ცისები არიან და აღარც მიწისები.არც ბიძინა ივანიშვილის მხრებზე ამხედრება და მისი რესურსებით პარაზიტირება შეუძლიათ და აღარც ამომრჩეველი ჰყავთ. არ მესმის რომელია ის სოციალური, საზოგადოებრივი, ფასეულობითი ჯგუფი,რომელმაც შესაძლოა „რესპუბლიკურ პარტიას“ მისცეს ხმა, არ არსებობს მოტივაციის მიზეზი. ვერ წარმომიდგენია ვის რა უნდა უთხრან, რა უნდა შეპირდნენ, ვის უნდა გაუწიონ კონკურენცია. ძალიან გამიკვირდება,რომ მომავალ პარლამენტში „რესპუბლიკური“ პარტია იყოს წარმოდგენილი. ვერ ვხედავ მათი პარლამენტში ყოფნის ლოგიკას. ერთადერთი მიზიდულობის ცენტრი არის დავით უსუფაშვილი,როემლიც ჩემი აზრით ქართული პოლიტიკური ელიტისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება.
საქმე ის არის, რომ მთელი კოალიცია 60–70%–იანი მხარდაჭერიდან 20 %–იან მხარდაჭერაზე ჩამოვიდა. ამ პირობებში ეს დანაკლისი მათზეც გადანაწილდა. ისედაც არ ჰქონდათ ლეგიტიმაცია, ხელისუფლებაში იყვნენ უკანა კარიდან. მათ რომ გზის გაგრძელების რამე შანსი ჰქონოდათ, ამას გააკეთებდნენ. მათ შანსი პოლიტიკურმა პროცესმა არ დაუტოვა,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე