დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროკავშირის თანამშრომლობის/ტვინინგის პროექტის ექსპერტს, ვერნერ გრასმანს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა. ამჟამად, გერმანელი ექსპერტი სამუშაო შეხვედრებს მართავს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რათა პროექტის ფარგლებში განისაზღვროს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის დახმარებით დაიწყო დაძმობილების, ე.წ. ტვინინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ სრულყოფას, მის დაახლოებას ევროპულ საუკეთესო გამოცდილებასთან, ასევე კადრების გადამზადებას, ქართული კანონმდებლობის თარგმნას ინგლისურ ენაზე, რათა ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს შესახებ არსებული ინფორმაცია. იმედი მაქვს, პროექტის დასრულების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თანამედროვე, ევროპული სტრუქტურა იქნება,“ – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ტვინინგის” პროექტის ფარგლებში მოხდება ევროპულ სტრუქტურებში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მეთოდების დანერგვა საგამოძიებო სამსახურში, ასევე მომზადდება საგამოძიებო სამსახურის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტი.
20.08.13