ძალიან გულდასაწყვეტია “მე-9 არხის” დახურვა, რადგან ის იყო ერთ-ერთი ობიექტური ტელევიზია, რომელიც სწორად აშუქებდა ქვეყანაში არსებულ მოვლენებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. კახა კალაძე იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანიის შესყიდვის მსურველები გამოჩნდებიან.
“პირადად ჩემი სუბიექტური აზრია, ძალიან გულდასაწყვეტია ამ ტელევიზიის დახურვა, რადგან ერთ-ერთი ობიექტური ტელევიზია იყო, რომელიც სწორად აშუქებდა ქვეყანაში არსებულ მოვლენებს. მეორე მხრივ, პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გასხვისებულიყო, თუმცა კიდევ იმედს ვიტოვებთ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ტელეკომპანიის ყიდვასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიხურება, რაც გულდასაწყვეტი და საწყენია. ვიმეორებ, რომ ეს ტელევიზია ძალიან ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ტელეკომპანია “მე-9 არხის” დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გუშინ მიიღო. არხმა მაუწყებლობა 21:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ შეწყვიტა.
20.08.13