მართლმადიდებლური სწავლებით ჯვრისწერა, ქორწინება შვიდ ქრისტიანულ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია, რომელიც თავად უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა. იგი ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სიმბოლოა. ქრისტიანთა ქორწინება თავისი არსით წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის არა მარტო გარეგნულ შეერთებას, არამედ მათი სულების შინაგან განმთლიანებას. საეკლესიო სამართალში ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხია განსაზღვრული,  რაც საზოგადოებაში ხშირად არასწორად არის ხოლმე გაგებული და დამკვიდრებული.

კანონიერია თუ არა ჯვარდაუწერელი წყვილების კავშირი, შეიძლება თუ არა მეჯვარეებს შორის შეუღლება, როდის არ სრულდება ჯვრისწერის საიდუმლო და კრძალავს თუ არა საეკლესიო კანონიკა მარხვაში ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე The Tbilisi Times კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელთმსახური,  მამა ლონგინოზ სუარიშვილი ესაუბრა.

13754158_1036098456487211_4857425862873694667_nმამა ლონგინოზ, როგორ განიხილება მართლმადიდებლობაში ქორწინება, ჯვრისწერის საიდუმლო?

– პავლე მოციქულის მოძღვრების საფუძველზე ჯვრისწერის საიდუმლო გაიგივებულია  ქრისტეს და ეკლესიის ურთიერთობასთან. როგორი შეთანხმებულები უნდა იყვნენ, რამხელა  სიყვარული უნდა არსებობდეს ორ ადამიანს შორს, რომ  შეძლონ ასეთი სინთეზირებული ურთიერთობა მთელი ცხოვრების მანძილზე. ამიტომაც ჰქვია ქორწინებას „საიდუმლო“, რომ ხილული სახით, თავიანთი ცხოვრების წესით ისინი უნდა მიემსგავსონ ქრისტეს ეკლესიას. სწორედ ამ იდეის საფუძველზე აყალიბებს პალე მოციქული სწავლებას, თუ როგორი ერთობა  უნდა იყოს ქმარსა და ცოლს შორის. როგორ მზრუნველობასაც იჩენს მაცხოვარი მის მიერ დაარსებულ ეკელესიაზე, ასევე უნდა ზრუნავდნენ მეუღლეები ერთმანეთზე, რომლებიც უკვე არიან არა ორი, არამედ ერთი სისხლი და ხორცი. ამდენად, ცხადი ხდება რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ეკლესია შეუღლებას, ჯვრიწერას ქალსა და მამაკაცს  შორის, რაც თავის მხრივ  უდიდესი პასუხიმგებლობაცაა.

არის  ქორწინება კანონიერი, თუ წყვილს არ აქვს ჯვარი დაწერილი?

– ახალდაქორწინებულთა კურთხევა ეკლესიაში ოდითგანვე არსებობდა, თუმცა ჯვრისწერის მსახურება, რასაც დღეს ვასრულებთ პირველი საუკუნეებიდან არ მოდის. მე-9 საუკუნემდე ქორწინების კანონიერი დამტკიცება ხდებოდა სამოქალაქო წესით რასაც ეკლესია აღიარებდა. მე-9 საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანებს შორის ნელ-ნელა უპირატესობას იკავებს საეკლესო წესით ქორწინება, რასაც ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ  იმპერატორები თავად ქრისტიანები იყვნენ.  მე-11 საუკუნიდან გვაქვს ცალკეული დადგენილებები, როცა ქორწინების ოფიციალური აღიარება ხდება ჯვრისწერის შემდეგ.  მიუხედავად ამისა,  როცა ხდება სამოქალაქო წესით  ხელის მოწერა  არ ნიშნავს, რომ ეს კავშირი უკანონოა.  გავრცელებული აზრი, თითქოს ჯვარდაუწერელი წყვილები მრუშობაში არიან და მათი შვილები უკანონოა, ძალიან რადიკალური შეფასებაა, რასაც საეკლესიო სამართალი არ ითვალისწინებს. ჯვრისწერით წყვილებს შორის კავშირი საღვთო მადლით ხდება განმტკიცებული, მხოლოდ ამით განსხვავდება ჯვრისწერა სამოქალაქო ქორწინებისგან.

მამა ლონგინოზ, რა დამოკიდებულება აქვს  მართლმადიდებელ ეკლესიას შერეული ქორწინებისადმი?

– მე-6 მსოფლიო კრების 72 კანონით მკაცრადაა აკრძალული შერეული ქორწინება- კავშირი როგორც მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს, ასევე არაქრისტიანს შორის. აქ იგულისხმება საეკლესიო ქორწინება,  ჯვრისწერა. შუა საუკუნეებში გხვდება პრეცენდენტები, დინასტიური ქორწინებების დროს, როცა ეკლესია ჯვარს წერდა ქრისტიანსა და არამართლმადიდებელ ქრისტიანს (კათოლიკესთან, პროტესტანტთან, მონოფიზიტთან და სხვ), თუმცა ეს  კანონიკურ ნორმად არასდროს დადგენილა.

თუ  განსხვავებული აღმსარებლობის მქონე ადამიანებს ერთმანეთი შეუყვარდა ეკლესია მათ შორის უხეშად ვერ ჩადგება და ვერ დააშორებს. ის რასაც მართლმადიდებლობა პრინციპულად უარყოფს არის შერეული აღმსარებლობის მქონეთა ჯვრისწერა.  დღესაც შეიძლება რომელიმე ქვეყანაში დაფიქსირდეს შერეული ქორწინება, თუმცა იქაც კი  არაკანონიკურ ნორმად მიიჩნევა ეს ფაქტი. ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებს აქვს იმის კომპეტენცია საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს „იკონოომიით“ ანუ საეკლესიო გამონაკლისით.

საეკლესიო სამართლის მიხედვით რა შეიძლება გახდეს ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზი?

– დამაბრკოლებელი მიზეზები ბევრია, თუმცა მათ შორის ძირითადია:

  • ნათესაური კავშირები – სისხლის აღრევა, როდესაც წყვილს შორის არსებობს სისხლით ნათესაობა.
  • შერეული ქორწინება – კავშირი მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის;
  • ასაკობრივი ცენზი – უასაკოთა, არასრულწლოვანთა ქორწინება;
  • აუცილებელია სქესთა სხვაობა- რომაული სამართლით იყო განსაზღვრული, რომ ქორწინება ეს არის კავშირი ქალსა და კაცს შორის. კავშირი ერთნაირი სქესის მქონე ადამიანებს შორის წარმართული, რომაული კანონმდებლობითაც კი იკრძალებოდა, ამიტომ ზემოაღნიშნული რომაული განსაზღვრება ქრისტიანულმა ეკლესიამ თავის სამართალში პირდაპირ გადმოიტანა;
  • მონაზვნობის, ბერობის აღთქმა;
  • სულიერი ნათესაობა-ნათელ-მირონობა. თავიდან განსაზღვრული იყო, რომ არშეიძლება ქორწინება ნათლიასა და მის ნათლულს შორის, ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის. მოგვიანებით კი განისაზღვრა – გვერდითი ხაზით ხუთ თაობამდე არ შეიძლება ქორწინება.

მამაო ახსენეთ ასაკობრივი ცენზი და ნათესაური კავშირები. შეიძლება თუ არა მოგვარეებს შორის ქორწინება, ზოგადად რა ხარისხშია დასაშვები ნათესაური კავშირები? გასაზღვრულია ეკლესიის მიერ, თუ რა ასაკიდან შეუძლიათ ქალსა და მამაკაცს ოჯახის შექმნა?

– საეკლესიო კანონიკით ქორწინება ნებადართულია მე-5 ხარისხიდან, თითოხარისხში 2 თაობაა, მე-4 ხარისხი არის მერვე თაობა. მერვე თაობიდან დასაშვებია ქორწინება. საეკლესიო ანონიკით მოგვარეებს ორის ქორწინება არ არის აკრძალული, თუ ისინი არ არიან ახლო სისხლით ნათესავები. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, საეკლესიო კანონებით არ არის განსაზღვრული, ეს  უფრო კანონიკური ტრადიციაა და სხვადასხვა მართლმადიდებლურ  ეკლესიებს ინდივიდუალური მიდგომა აქვთ. სამოქალაქო კანონმდებლობით სრულ წლოვანების ასაკიდან ანუ 18 წლიდან, შეუძლიათ ქალსა და მამაკაცს იქორწინონ, თუმცა დღევანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე უმჯობესია 20 წლიდან ან უფრო მეტი ასაკის მქონე პირებმა შექმნან ოჯახი. თუმცაღა არის პრაქტიკული მომენტი, რამდენად მომზადებულია ამისთვის ადამიანი ფსიქოლოგიურად, სულიერად. რაც შეეხება სხვაობას, საეკლესიო ტრადიციის მიხედვით კაცი დიდი იყო ქალზე, საშუალოდ 4-5 წლით. ადრეულ ეპოქებში 10-11 წლიანი და უფრო მეტი წლიანი სხვაობაც კი ნორმა იყო. ვფიქრობ, დღეს მაქსიმუმ 10 წელი უნდა იყოს, გამონაკლის შემთხვევაში 15-მდე.  რა თქმა უნდა, შესაძლოა ისინი  ტოლებიც იყვნენ ან ქალი იყოს დიდი მამაკაცზე, თუ სხვა დამაბრკოლებელი მიზეზი არ არის ჯვრისწერაზე ეკლესია მათ უარს არ ეუბნება.

როგორ განისაზღვრება არასრულწლოვანთა ჯვრისწერა მართლმადიდებლურ ეკლესიაში? რამდენად აუცილებლია მშობლის თანხმობა წყვილების შეუღლებისას და რამდენად იკვლევს ხოლმე სასულიერო პირი, როდესაც ჯვარს წერს წყვილს, მათ ასაკს, თუ მშობლების ნებას?

– თუ სახელმწოფო კანონებით ოფიციალურად არის აკრძალული არასრულწლოვანთა ქორწინება, ეკლესიამ ეს უნდა გაითავლისწინოს, მაგრამ თუ სახელმწიფო არანაირ შეზღუდვას არ ითვალისწინებს, ეკლესია თავისი კომპეტენციით მოქმედებს. არასრულწლოვნებს ეკლესია ყოველთვის თავშეკავებისკენ მოუწოდებს, თუნდაც მშობელი იყოს თანახმა. თუკი ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ მაშინ სასულიერო პირი აკურთხებს მათ კავშირს, ოღონდ მშობლების თანხმობით. ტაძარში სპონტანურად მისულ წყვილს მღვდელმა ჯვარი არ უნდა დაწეროს, თუ არ გამოიკვლევს მშობლების აზრს.

რაც შეეხება ზოგადად მშობლის თანხმობას, როცა ახალგაზრდა ასაკში ქორწინდებიან პრინციპულად აუცილებელია მშობლების თანხმობა. თუმცა, უკვე ზრდასრულ ასაკში მშობელი უნდა იყოს დაიმედებული, რომ მის შვილს თავიუსუფლად შეუძლია ჯანსაღი არჩევანი გააკეთოს. მაგალითად, თუ 35 წლის კაცს ვერ მოყავს ცოლი იმიტომ, რომ დედა არარის თანახმა ან მამა, ეს არაჯანსაღია და ვფიქრობ, ასეთი სუსტი ნებისყოფის მამაკაცს ქალი არც უნდა გაჰყვეს ცოლად. ასევე საპირისპიროდაც, არაჯანსაღია, როცა უკვე ზრდასრული ქალი მშობლების ნებას ისეა დაყოლილი, რომ საკუთარი გადაწყვეტილების უნარი არ შესწევს. აქ საუბარია, რომ რაც უფრო ზრდასრულია ადამიანი, მით მეტი დამოუკიდებლობით უნდა იმოქმედოს ამ საკითხში, კაცმაც და ქალმაც; მაგრამ ეს არ ნიშნავს მშობლების აზრის სრულ იგნორირებას.

მამა ლონგინოზ, რა როლი აკისრია მეჯვარეს? დასაშვებია თუ არა მეჯვარეებს შორის ქორწინება? 

– მეჯვარეს არანაირი ფუნქცია არ აკისრია გარდა იმისა, რომ ის არის უბრალოდ მოწმე, დამსწრე ჯვრისწერის.  არანაირი სულიერი ნათესაობა ჯვარდაწერილებსა და მეჯვარეებს შორის არ მყარდება. ჩვენთან ტრადიციად არის ქცეული, რომ მეჯვარემ აუცილებლად შვილი უნდა მოუნათლოს წყვილს. ეს არ არის აუცილებელი პირობა, მათ შეუძლიათ უარი თქვან ბავშვის მონათვლაზე ან ერთ-ერთმა მათგანმა მონათლოს მხოლოდ. აქედან გამომდინარე  მეჯვარეებს შორის ქორწინება დასაშვებია. შესაძლებელია ცოლ-ქმარიც დადგეს წყვილის მეჯვარედ.

რა დანიშნულება აქვს საქორწინო ბეჭედს, სანთელს და რატომ ადგამენ ჯვრისწერისას გვირგვინებს წყვილებს?

– სანთელი ზოგადად ლოცვის სიმბოლოს განასახიერებს. არა ქვს მნიშვნელობა როდის ვიყენებთ – ნათლობაზე, ჯვრისწერაზე თუ წირვაზე.   საქორწინო ბეჭედი სიმბოლურად ნიშნავს, რომ  ქალი და მამაკაცი დაბეჭდილები არიან საღვთო მადლით ერთმანეთთან მარადიულად. რგოლი ნიშნავს მარადიულობას, ისინი დროებით კი არ კავშირდებიან, არამედ მარადიულად, და სიმბოლურად რგოლი ამ მარადიულობის ნიშანია. რაც შეეხება გვირგვინს, ეს არის სიმბოლო ზეციური გვირგვინის,  უფლის კურთხევის.

რომელ დღეებში არ სრულდება  ჯვრისწერის საიდუმლო?

– ჯვრისწერა არ სრულდება მარხვებში,  რადგან მორწმუნემ სინანულისთვის განკუთვნილი პერიოდი არ უნდა დაარღვიოს პირადი დღესასწაულით და ასევე საუფლო დღესასწაულებზე, რათა ჩვენმა პირადმა ზეიმმა არ გადაფაროს საღვთო დღესასწაულების არსი და მნიშვნელობა.

კრძალავს საეკლესიო კანონიკა მარხვაში ცოლ-ქმრულ ურთიერთობას?

– საეკლესიო კანონებში ასახულია, რომ ფიზიკურად ცოლქმარს შორის ურთიერთობა არ შეიძლება, როცა ისინი ემზადებიან წმინდა ზიარებისთვის და საუფლო დღესასწულების წინ. პავლე მოციქული წერს: „მარხვაში ლოცვისთვის მოიცალონ, მაგრამ ეშმაკმა, რომ არ განცადოს ისინი, დიდი ხანი თავშეკავებითაც ნუ იცხოვრებენ.“ ასევე აღნიშნავს რომ: „ქალი აღარ ფლობს თავის სხეულს, არამედ ქმარია მისი სხეულის პატრონი; და პირუკუ, რომ კაცი აღარ ფლობს თავის სხეულს, არამედ ქალია მისი სხეულის პატრონი. ეს ყოველივე ურთიერთშეთანხმებით ხდება და ქალმა და კაცმა ამის გამო ერთმანეთი განსაცდელში არ უნდა ჩააგდოს. მარხვაში ცოლ-ქმრული ურთიერთობა კატეგორიულად აკრძალული არ არის და ცოდვადაც არ ითვლება, გააჩნია რამდენად სულიერად მომზადებულები არიან ისინი თავშეკავებისთვის.

როდის არის საპატიო განქორწინება და რამდენჯერ არის დაშვებული ქორწინება?

– დაქვრივება, ღალატი, გამოუსწორებელი: ფსიქიკური აშლილობა, ნარკომანია, ლოთობა; ასევე თუ ერთ-ერთი მათგანი ხელს აღმართავს მეუღლეზე, შემჩნეულია მოწამვლისა და მოკვლის მცდელობაში, მათ შორის, თუ ერთ-ერთ მხარე მეუღლეს ჯადოს გაუკეთებს; ასევე ქალის მხრიდან ქმრის უჩუმრად აბორტის გაკეთება; გამუდმებულად ეჭვიანობის საბაბის მიცემა – ეს ის მიზეზებია, რის გამოც განქორწინება საპატიოა, ხოლო მეორედ ქორწინება დასაშვები,  მაგრამ ეს უნდა მოხდეს მოძღვრისა და ეპისკოპოსის განსჯით.

ეკლესიამ დასაშვები გახადა მესამე ქორწინებაც გამონაკლისის სახით, შემდეგი პირობით:  როცა პიროვნება ორივეჯერ არის დაქვრივებული,  თუ არის 40 წლამდე და არ ყავს შვილები ( ეს მეტწილად ქალზეა ). ზოგადად მეორე და მესამე გზის ქორწინების დაშვებას წყვეტს ეპისკოპოსი და არა მღვდელი.

რა უნდა გაითვალისწინოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ქორწინებამდე და რა მოვალეობები აქვთ მეუღლეებს?

– უპირველეს ყოვლისა, როდესაც ქალსა და კაცს ერთმანეთი შეუყვარდებათ, უცბათ არ უნდა მიიღონ დაოჯახების გადაწყვეტილება. მეუღლეებს ქორწინებამდეც და ქორწინების მერეც ერთნაირი მოვალეობები აქვთ, იყვნენ გულწრფელები და მზად, გაიღონ მსხვერპლი ერთმანეთისთვის. როგორც ეკლესიის მამები, ქრისტიანი ფსიქოლოგები გვასწავლიან ნამდვილი სიყვარული ყალიბდება ცოლქმრობის შემდეგ, მანამდე ეს არის მოწონება, გატაცება რაც დროში იუნდა გამოიცადოს, ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არასწორია. ქალმაც და კაცმაც დრო უნდა მისცეს საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც, რათა კარგად გაერკვნენ, რამდენად მტკიცენი არიან თავიანთ გრძნობებში, რამდენად სულიერად მომზადებულები და მომწიფებულებიან არიან ოჯახის შექმნისთვის.

ცოლი ქმრის აზრს უნდა ითავლისწინებდეს არა შიშით, არამედ მისდამი ხათრითა და პატივისცემით. ასევე ქმარი უნდა ზრუნავდეს ცოლზე ისე, როგორც საკუთარ თავზე. მერე უკვე ამას ემატება პასუხისმგებლობა  შვილებისადმი. უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი მშობლებისგან იღებენ მაგალითს და არ გააკეთონ ისეთი რამ რაც მათ ფსიქიკაზე და მომავალზე უარყოფითად აისახება.

მე მაინც ვთვლი, რომ ადამიანი განთავისუფლებული უნდა იყოს თავისი ბავშვური, ეგოისტური სურვილების ტყვეობისაგან, მზად იყოს საყვარელი ადამიანისთვის გარკვეული მსხვერპლი გაიღოს. სწორედ ეს ავიწყდებათ ახალდაქორწინებულებს. მათ შეიძლება მართლაც უყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ არ იყვნენ მზად ოჯახური ცხოვრებისთვის. არ ითვალისწინებენ იმას, რომ ქორწინების შემდეგ ისეთი თავისუფალი ცხოვრებით ვერ იცხოვრებენ, როგორც ადრე. წესით არც უნდა განიცდიდნენ ამას, შენ ხომ  რეალურად შეხვდი იმ ადამიანს ვისთანაც მთელი ცხოვრება ბედნიერი უნდა იყო, სწორედ, მან  უნდა მოახდინოს  ამ ყველაფრის ჩანაცვლება.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

(Visited 3,127 times, 1 visits today)

კომენტარები