საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ინიციატივით, იწყება პროექტი „მუზეუმი სტუმრად მუზეუმში“.
„ორი მუზეუმის ისტორია“ – ამ ექსპოზიციით, 23 ივლისს, 18:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვევა; ადგილზე გაიმართება როგორც პროექტის პრეზენტაცია, ასევე ჩატარდება ლექცია ღია ცის ქვეშ თემაზე „ფაიფურის წარმოების ისტორია – რომანოვებისა და გოკიელის ფაიფურის მაგალითზე“.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
22-24 ივლისს, ბორჯომის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლებს საშუალება ექნებათ უფასოდ დაათვალიერონ გამოფენა და მონაწილეობა მიიღონ ორი მუზეუმის მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებში. დასწრება თავისუფალია.
პროექტი „მუზეუმი სტუმრად მუზეუმში“ გულისხმობს დედაქალაქისა და რეგიონული მუზეუმების პოპულარიზაციას თანამშრომლობის საფუძველზე, რაც ერთმანეთთან სტუმრობით, გამოცდილებების გაზიარებითა და სხვადასხვა აქტივობის გამართვის გზით განხორციელდება.