თბილისში, 25 ივლისიდან 2 სექტემბრის ჩათვლით, დაგეგმილი კაპიტალური სამუშაოების გამო, ქუთაისის ქუჩა გადაიკეტება.
ბილისის მერიის ნფორმაციით, 25 ივლისს, 11:00 საათიდან ქუთაისის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და კანალიზაციის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. მიწისქვეშა სისტემების მოწესრიგების შემდგომ, დიდუბის გამგეობა უზრუნველყოფს გზისა და ტროტუარების მოასფალტებას.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები: N51 ავტობუსი წერეთლის გამზირიდან ჩაუხვევს ცაბაძის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ავა ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე და გზას განაგრძობს დადგენილი სქემით.
მიკროავტობუსები კი, ქუთაისის ქუჩის ნაცვლად, წერეთლის გაზირიდან მოუხვევენ გვეტაძის ქუჩაზე და აგლაძის ქუჩიდან გადავლენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე.
რაც შეეხება ვახუშტის ხიდიდან აგლაძის ქუჩისაკენ მოძრავ მიკროავტობუსებს, ჩავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ხოშარაულის ქუჩის გავლით მოხვდებიან აგლაძის ქუჩაზე.