ქართული ფეხბურთი, სპორტის მოყვარულთათვის კვლავ ძალიან სენსიტიურ საკითხად რჩება. ხშირად განიხილავენ იმ მიზეზებს, თუ რატომ ვერ ვითარდება ქართული ფეხბურთი. ამ დროს ჩვენ ვივიწყებთ იმ მოზარდებს, რომელთაც უთუოდ დიდი მომავალი აქვთ. მოზარდებს, რომლებიც პატარა ასაკიდანვე დაუღალავად შრომობენ იმისათვის, რომ გახდნენ წარმატებული ფეხბურთელები. სამწუხაროდ, საზოგადოება მათ ნაკლებად იცნობს. ლაზარე კუპატაძე ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. საფეხბურთო კარიერა ქალაქ ჭიათურაში დაიწყო. მიუხედავად რთული პირობებისა, დიდი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით მან მოახერხა ფართო ასპარეზზე გასვლა. დღეს ის უკვე პროფესიონალი მეკარეა და არაერთი გუნდი ცდილობს მის „ხელში ჩაგდებას“.
The Tbilisi Times საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” მეკარე, ლაზარე კუპატაძეს ესაუბრა.
გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ, რამდენად დიდი წვლილი მიუძღვით მათ თქვენს წარმატებაში?
– ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში. ყოველთვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და რასაც მივაღწევ ყველაფერს ჩემს ოჯახს ვუძღვნი, რადგან მათი აქტიურობა და მონდომება რომ არ ყოფილიყო, ალბათ მარტო მე ვერაფერს გავხდებოდი.
თქვენ ახალგაზრდული ნაკრების წევრი ხართ, რამდენად რთული იყო თქვენთვის ის გზა, რომელიც კარიერაში განვლეთ?
– ვერ ვიტყვი, რომ ადვილი გზა გავიარე, ძალიან ბევრი სირთულე შემხვდა, მაგრამ გამიმართლა, რომ ჩემს გვერდით იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მეხმარებოდნენ ამ სირთულეების გადალახვაში.
როდის და როგორ მოხდა თქვენი პირველი დაინტერესება ფეხბურთით?
– ჩემი ფეხბურთისადმი ინტერესი მიშიკო კიპაროიძემ გამოიწვია. რომ არა ეს ადამიანი, ალბათ დღეს მე ფეხბურთელი არ ვიქნებოდი. ქალაქ ჭიათურაში შეკრიბა ჩემი ასაკის ბავშვები. გარემოში, სადაც ძალიან რთულ პირობებში გვიწევდა ვარჯიში, მაგრამ თვითონ ძალიან უყვარს ფეხბურთი და ეს სიყვარული ჩვენზეც ახდენდა გავლენას. ყველაფრის მიუხედავად ყველა დიდი სიხარულით მივდიოდით და ვვარჯიშობდით. მას აქვს ძალიან მაღალი დონის საფეხბურთო განათლება და ასევე გამოირჩევა თავისი პიროვნული თვისებებით. ვფიქრობ გამიმართლა, რომ მასთან მომიწია საკმაოდ დიდი ხნით მუშაობა და სწორედ ამის მეშვეობით მოვიპოვეთ უმაღლესი ლიგის საგზური.
როგორც ვიცი, თქვენი პირველი სერიოზული ნაბიჯები კლუბ „საბურთალოს“ უკავშირდება. გაიხსენეთ ეს პერიოდი, რა მოგცათ „საბურთალოში“ თამაშმა?
– თბილისის ,,საბურთალო’’ იყო ადგილი, სადაც ყველა პირობა იყო იმისთვის, რომ ფეხბურთი გეთამაშა. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. სწორედ იქ დაიწყო ჩემი განვითარება. ძალიან კარგი ხელმძღვანელობა ჰყავდა და ჰყავს ,,საბურთალოს’’ ყველაფერს აკეთებენ ფეხბურთის განვითარებისთვის. უნდა აღვნიშნო მეკარეების მწვრთნელი, ლევან ჭულუხაძე, რომლის დამსახურებაცაა, რომ მე პროფესიონალ მეკარედ ჩამოვყალიბდი. ასევე იქ იყვნენ მწვრთნელები, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს განვითარებაში. ასევე თემურ შალამბერიძე, სწორედ მან მომცა პროფესიონალურ ფეხბურთში თავის გამოჩენის შანსი. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი დებიუტი პირველ ლიგაში ს.ტ.უ სთან გვქონდა თამაში, რის შემდეგაც უკვე დაიწყო ჩემი კარიერა. შემდეგ იყო გია ჭიაბრიშვილი, რომელიც, ვფიქრობ, სამაგალითო და მისაბაძი ადამიანია. აქვს ძალიან მაღალი დონის საფეხბურთო განათლება და ასევე გამოირჩევა თავისი პიროვნული თვისებებით. გამიმართლა, რომ მასთან მომიწია მუშაობა და სწორედ მასთან ერთად მოვიპოვეთ უმაღლესი ლიგის საგზური.
რომელი იყო თქვენთვის ყველაზე წარმატებული თამაში და რატომ?
– ბევრი წარმატებული თამაში მქონია, ესე ვერ გამოვარჩევ, თუმცა ერთი მახსოვს განსაკუთრებით, როდესაც საბურთალომ ატლეტიკო მადრიდს მოვუგეთ სალერის თასის ფინალში.
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არ ყოფილიყავით ფეხბურთელი ვინ იქნებოდით? სხვა პროფესიაზე არასოდეს გიფიქრიათ?
– ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე ვერ წარმომიდგენია, სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია იმაზე, რომ ოდესმე სხვა პროფესიას ავირჩევდი.
ფეხბურთელი რომელიც თქვენთვის მისაბაძია….
– ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი ჯიჯი ბუფონია, რომელიც ძალიან მაღალი დონის მეკარეა და ასევე აქვს ძალიან კარგი პიროვნული თვისებები.
სპორტსმენი ხართ, ალბათ წონის კონტროლი მნიშვნელოვანია…რას აკეთებთ თავისუფალ დროს და საერთოდ გრჩებათ თუ არა დრო პირადი ცხოვრებისათვის?
– რა თქმა უნდა, სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება და წონის კონტროლი. საბედნიეროდ, წონის პრობლემა არასოდეს მქონია და შესაბამისად მივირთმევ ყველაფერს რისი სურვილიც მაქვს. თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს, თუმცა, როდესაც არის ამის საშუალება ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ.
ხართ თუ არა ამბიციური? რამდენად ჯანსაღად იღებთ კრიტიკას და თავად თუ ხართ კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ?
– ამბიციური ვარ, თუმცა ზომიერების ფარგლებში. არ მიყვარს კრიტიკის მიღება, თუმცა ჩემს თავს ძალიან ვაკრიტიკებ. არასდროს არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი.
რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სხვდასხვა მატჩზე გულშემატკივრის დასწრებას და რა შეგრძნება გეუფლებათ, როდესაც უამრავი ადამიანი გამხნევებთ?
– დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივარს, ფეხბურთელზე ძალიან დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ხედავს ბევრი ადამიანი ქომაგობს და უფრო მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა აქვს, თუმცა საქართველოში ცარიელ ტრიბუნებში გვიწევს თამაში, რაც ძალიან რთულია, მაგრამ იმედი მაქვს გამოსწორდება.
რა არის თქვენი სამომავლო გეგემები? რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?
– რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ახლა ავსტრიაში ვარ ლოკომოტივთან ერთად მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ, 7 აგვისტოს იწყება საქართველოს უმაღლესი ლიგა და ჩემი გეგმები სწორედ მას უკავშირდება. ჯერჯერობით ლოკომოტივის გარდა არაფერზე ვფიქრობ და მჯერა, რომ ჩვენ ერთად დიდი წარმატებას მივაღწევთ.
მარიამ ფანჩულიძე