ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი პირობას დებს, რომ „რაც წინა ხელისუფლების დროს ცუდი მოხდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღარ განმეორდება“.
როგორც რულოვსმა კორცხელში, მისი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა, ძალადობა შეხვდათ კორცხელში, თუმცა ”ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი დაპირისპირება არ უნდა.
”დაახლოებით 4 წელია, რაც პირველი ლედი აღარ ვარ და გვერდიდან ვუყურებ, თუ რა ხდება საქართველოში. ქველმოქმედებას ვეწევი. ახლა არის ლოდინის რეჟიმი ყველასთვის და არამარტო ჩემთვის, არამედ ხალხისთვის, ვინც გაჭირვებულია, ინვესტორისთვის, რომელიც ფულს არ ჩადებს ასეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცის საით მიემართება და ასევე მოლოდინის რეჟიმია რუსეთისთვის, თუ როდის ჩაბარდება ჩვენი ქვეყანა. რუსები ახლა დაკავებულები არიან უკრაინით, შემდეგ ისევ ჩვენთან მოვლენ. ამ 4 წელში შეიძლებოდა მუშაობა ახალი მთავრობისთვის, მიშა არ იყო ქვეყანაში და ვინ უშლიდა ხელს? თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაგრძელება, თავისი გაეკეთებინათ რამე. რამე გაკეთდა? მე ვერ ვხედავ. ქვეყანა გაჭირვებულია, სტაგნაციაა”, – აღნიშნა რულოვსმა.