LIBE-ს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE) კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ 44 ხმით 5-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ამასთან, LIBE-ს ოფიციალურ ვებ-გვედზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მოლაპარაკება 2012 წელს დაიწყო. უკვე 2015 წლისთვის ევროკომისიამ საქართველოს დადებითი რეკომენდაცია გაუწია და განაცხადა, რომ ქვეყნამ ყველა არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილა.
გარდა ამისა, ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი დარწმუნებულია, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს წინ წაწევს და პოლიტიკურ დიალოგს გაააქტიურებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების საკითხზე.
„მეტი ძალისხმევაა საჭირო ისეთ საკითხებში, როგორიც მედიის თავისუფლება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები, ქალების ჩართულობა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობაა,“ – განაცხადა მარია გაბრიელმა.
პროცედურის თანახმად, ახლა უკვე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო დისკუსიას გამართავენ.