შსსგიორგი მღებრიშვილის ინიციატივით ავტოსპორტში მსოფლიო ჩემპიონატის ერთი-ერთი ეტაპი საქართველოში ჩატარდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, მსოფლიო ჩემპიონატის – TCR International-ის დამფუძნებელმა მარჩელო ლოტიმ და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის პრეზიდენტმა შოთა აფხაზავამ სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების მიხედვით, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის – TCR international-ის 2017, 2018 და 2019 წლის სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს.

„ასეთი რანგის ასპარეზობის საქართველოში გამართვა, კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს სპორტულ რუკაზე, საქართველო მიიღებს ტურისტების დამატებით ნაკადს და გახდება საინტერესო ქვეყანა სპორტული ტურიზმის მიმართულებით. გარდა ამისა, ასეთი მაღალი რანგის სპორტსმენების საქართველოში ვიზიტი, კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტური იქნება ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, თავდაუზოგავი შრომითა და საქმის ერთგულებით, შეიძლება, უდიდეს წარმატებას მიაღწიო. კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპის საქართველოში გამართვას ლაიტმოტივად გასდევს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაა. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რეალურ საგზაო მოძრაობაში ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა და ყველა საგზაო ნიშნის უპირობო დამორჩილება. ჩვენი ჟინი და ადრენალინი კი ავტოდრომებზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დავხარჯოთ, რათა არ შევუქმნათ საფრთხე სხვებს და რა თქმა უნდა, საკუთარ თავს. ჩვენი გულისთვის, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

ხელმოწერის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ხელმძღვანელმა ტურნირის ორგანიზატორებთან ჩემპიონატის საქართველოს ეტაპის სრულყოფილად გამართვასთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.

შეთანხმების ხელმოწერას შს სამინისტროს სპორტული კლუბის – MIA Force-ის წევრი დათა ქაჯაიაც ესწრებოდა, რომლის წარმატებულმა გამოსვლამ მსოფლიო ჩემპიონატზე TCR international-ის ორგანიზატორების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

TCR International-ის დამფუძნებელი მარჩელო ლოტი და მსოფლიო ჩემპიონტის სპორტული დირექტორი ნუნცია კორვინო მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის – MIA Force-ის მოწვევით ჩამოვიდნენ. სტუმრებმა პირველი, გაცნობითი ხასიათის ვიზიტის დროს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*