კულტურახელოვნების სასახლე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სახელოვნებო გაერთიანების – Google- ისკულტურული ინსტიტუტის სრულუფლებიანი პარტნიორია. ამასთან დაკავშირებით, 8 სექტემბერს, 12:00 საათზე, თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, პრესკონფერენცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებს, Google-ის კულტურული ინსტიტუტის სივრცეში ქართული ეროვნული საგანძურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის,  სიგელებს გადასცემს.

ხელოვნების სასახლე პირველი ქართული მუზეუმია, რომელიც გუგლის კულტურული ინსტიტუტის წევრი გახდა. ამიერიდან მსოფლიო ბოტიჩელის, კარავაჯოს, დავინჩისა და სხვა ხელოვანების გვერდით, ქართულ ეროვნულ საგანძურს იხილავს. დავით კაკაბაძე, გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი – ეს იმ ქართველი ფერმწერების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედების ნახვა ამიერიდან გუგლის ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმაზეა შესაძლებელი; მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან დამთვალიერებელს ქართულ შედევრებთან ერთად, მათი შესრულების ტექნიკა და უმცირესი დეტალებიც კი შეეძლება ნახოს, ამ უნიკალურ შანსს მხოლოდ გუგლის ონლაინ დათვალიერების ტექნოლოგია იძლევა.

საერთაშორისო ასპარეზზე მუზეუმმა ქართული მოდერნიზმის ფუძემდებელის პეტრე ოცხელის უნიკალური ნამუშევრებით შეაბიჯა და პირველი გამოფენა სწორედ ამ რეპრესირებულ მხატვარს მიეძღვნა. ვირტუალური გამოფენა ხელოვანის 40 ნამუშევარს აერთიანებს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დეტალურ ინფორმაციას გადმოგვცემს.

საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი კავკასიის რეგიონში მეოთხე მუზეუმია, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო რუკაზე გაჩნდა.

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*