მუსლიმთა მომლოცველობა-ჰაჯი, რომლის დროსაც სუნიტები თუ შიიტები, სუფიტები თუ სალაფიტები ერთად აღავლენენ ლოცვას ქვეყნად მშვიდობისა და ხალხთა კეთილდღეობისთვის, მექაში ყურბან ბაირამის სადღესასწაულო დღეებში სრულდება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ამ დღეს მუსლიმთა წმინდა ქალაქს ორ მილიონზე მეტი მორწმუნე სტუმრობს.
ჰაჯი სრულდება მუსლიმური კალენდრის ზილ-ჰაჯის თვის მეცხრე დღეს. მეათე დღეს იზეიმება ყურბან ბაირამი. იგი მსხვერპლშეწირვის, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისა და მონანიების დღესასწაულია.
სადღესასწაულო დღეების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ჰაჯის ყველა მსურველი ვალდებულია, ავიდეს არაფატის მთაზე. აქედან იწყება უშუალოდ ღვთისმსახურების შესრულება. ისინი იქ ატარებენ დროს, მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე და როცა მზე ჩასვლას დაიწყებს, ჰაჯები, მინას ხეობის გავლით, მიემართებიან ქააბაში მოსალოცად, სადაც სიმბოლურად ხდება სატანის ქვით ჩაქოლვა. ამ რიტუალს მილიონობით ადამიანი ესწრება. ქააბას ირგვლივ ერთად ლოცულობენ თეთრ პირსახოცებში შემოსილი მომლოცველები.
ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლობიდან მოდის. ამ დღეს ყველა ზრდასრული და მატერიალურად შეძლებული მუსლიმი მსხვერპლს წირავს ალლაჰს. თანადგომას უცხადებენ და თავიანთ წილ საზრდოს უნაწილებენ ღარიბებს, ობლებს და მათ გარშემომყოფებს, განურჩევლად მათი წარმომავლობისა და რელიგიური მრწამსისა.
„ყურბნის ღვთისმსახურება თავდაპირველად მხოლოდ შეპირებით ხასიათს ატარებდა, შემდეგ სავალდებულო სახე მიიღო, ხოლო ბოლოს მან შეძლებული მორწმუნისთვის აუცილებლობის ფორმა შეიძინა. აბელისა და ყაენის მიერ ყურბნის შეწირვის ისტორია გვახსენებს, რომ თავდაპირველად ყურბანი შეპირებითი ხასიათის იყო. როდესაც ალლაჰის შუამავალმა მექადან მედინაში გადავიდა, მეორე წელს ყურბან ბაირამის ლოცვასთან ერთად ყურბნის დაკვლა სავალდებულოდ დადგინდა. პირველი შუამავლის – წმინდა ადამის დროს დაწყებული ყურბნის ღვთისმსახურებამ საუკუნეების განმავლობაში იბრაჰიმ შუამავლამდე მოაღწია, ხოლო იბრაჰიმ და ისმაილ შუამავლის დროს იგი ჰაჯობის რიტუალის სუნნეთად დაწესდა.“- სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე
ყურბანზე დასაკლავ ცხოველზე რამდენიმე აუცილებელი მოთხოვნა არსებობს, ის აუცილებლად ჯანმრთელი უნდა იყოს და არ ჰქონდეს ნაკლოვანებები. ყურბანისთვის შერჩეული ცხოველი უნდა იყოს ვერძი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ხარი (ბუღა), ძროხა, კამეჩი, ან აქლემი. ვერძი, რომ საყურბნე გახდეს ის მინიმუმ ექვსი თვის მაინც უნდა იყოს და შეხედულებით ერთი წლის ვერძის მსგავსი.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ორ წელზე ქვემოთ ყურბნად მიუღებელია. საკლავი შეიძლება განაწილდეს ერთიდან შვიდ კაცზე, არა თვალით, არამედ სასწორით. ხორცი ოჯახში მიტანის შემდეგ სამ ნაწილად უნდა გაიყოს, ერთი ნაწილი ოჯახში, მეორე ნაწილი მეზობლებს და მესამე ნაწილი ღარიბებს დაურიგდეს.
სოფიკო ნინიკაშვილი