რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქალბატონი არასრულწლოვან ბავშვს მოკიდებულ სიგარეტს პირში უდებს. ფაქტი შემზარავი აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რაც, თავისთავად, აღშფოთებული კომენტარებით გამოხატეს. თუმცა ეს „ტრადიცია“ ახალი არ არის და ჩვენს მასკულინურ საზოგადოებას მსგავსი ხერხებით „ვაჟკაცების“ აღზრდა გათავისებული აქვს.
ალბათ თქვენს გარშემო ხშირად შეხვდებით ისეთ მამებს,რომლებსაც ბიჭის დაბადება ეამაყებათ და საკუთარი, როგორც ბიჭის შემქმნელის ღირსებასა და ოჯახში ვაჟკაცის ყოლას ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, სუფრასთან წარმოაჩენენ, ეს გამოიხატება ბავშვისთვის ალკოჰოლის დალევითა თუ სიგარეტის მოწევით,როგორც ნამდვილი მამაკაცის განმაპირობებელი მახასიათებელი. ამ დროს დედებიც ემორჩილებიან ვაჟების ნამდვილ მამაკაცებად წარმოჩენის ძალადობრივ მეთოდს, ბავშვის უფლებებსა და ფსიქიკაზე დაფიქრებაც კი არ უღირთ.
ამის პარალელურად ახალგაზრდა რეჟისორის გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი „ვიდრე უფლისწული თავის მოიკლავს“ მახსენდება, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ვუყურე. ვერბატიმი გვიჩვენებს,რომ ახლა არავის არ აქვს სიჩუმის უფლება,თვით თოჯინებსაც კი. სპექტაკლში ერთ-ერთი ისტორია პატარა ბიჭზეა, რომელსაც მამის სითბო ენატრება,მაგრამ ყოველთვის ესმოდა მისგან შემდეგი ფრაზა: “ბიჭებს არ ეხუტებიან“. მამა, რომელიც ცდილობს თავის შვილს იარაღის სროლა ასწრავლოს, აყურებინოს ფილმებს, სადაც ასახულია ძალადობრივი ფაქტები, შეაჩვიოს იმ ისტორიებს, რომელიც, მისი აზრით, შვილს უფრო მამაცს გახდის, ძალიან გავს იმ მშობლებს, რომლებიც თავიანთი ქმედებებით შვილებს მოძალადეებად აყალიბებენ და აჩვევენ აგრესიული ქმედებების გამოხატვას. სწორედ იმ იარაღს კი უფლისწული ბიჭი უნებურ სუიციდამდე მიჰყავს, ეს კი ზუსტად გამოხატავს ბიჭებში უგრძნობლობის ჩადების აღზრდის საშინელებას. აღარაფერს ვამბობ ბავშვების ცემის ფაქტებზე, რომელიც დღესაც ბევრ ოჯახში სწორი, მკაცრი აღზრდის შეუცვლელ მეთოდად ითვლება.
არაერთი ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად კი ყველაზე მეტი მოძალადე სწორედ ისეთ ოჯახებში გვხვდება, რომელსაც მშობლები ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამის ძალიან კარგი მაგალითი რეჟისორ გრეგორ ჰობლიტის 1996 წლის ფილმი „პირველყოფილი შიშია“, სადაც სერიული მკვლელის მძიმე ბავშვობა, როდესაც მამა მასზე ძალადობდა, პირდაპირ უკავშირდება მის ფსიქიკურ მდგომარეობას და მკვლელად ჩამოყალიბებას. ბავშვობის ტრავმა კი ხშირად განაპირობებს მათი ორიენტაციის ჩამოყალიბებასაც, რასაც, რა თქმა უნდა, ქართველი ვაჟკაცები გმობენ, თანაც ტაბურეტით ხელში. რეალურად კი მამაკაცის მიმართ შიშისა და აგრესიის ჩამოყალიბება სწორედ ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შედეგია, როდესაც ბავშვი ხედავს როგორ სცემს მამა დედას, ის ან იმავეს გაიმეორებს წმინდა ოჯახის ფენომენის ტრადიციის გასაგრძელებლად ან ფსიქოლოგიურ ტრავმასთან ერთად ფობიას ჩამოუყალიბებს, რაც მომავალში თვითრეალიზაციის საშუალებას არ მისცემს.
დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე რომ თუ ბავშვებმა ისეთ ფილმებს ან გადაცემებს უყურეს,სადაც ჩხუბის სცენებია, ეს გავლენას მოახდენს მათზე და მეტად აგრესიულები გახდებიან, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს რამხელა მნიშვნელობა აქვს აღზრდას. ხშირად გაგიგიათ ალბათ როცა მშობელი ბავშვს ეუბნება რომ “მისი გულისთვის ყველაფრის დათმობა მოუხდა და რომ არა ის„… ძალადობაა როცა საკუთარ შვილს შენვე უყალიბებ არასრულფასოვნების განცდას, როცა მას ზედმეტად და შენი ცხოვრების ხელშემშლელ და არასასურველ ფაქტორად აგრძნობინებ თავს, თითქოს სიცოცხლეს აყვედრი… ამ დროს კი საკუთარი შეცდომების აღიარების მაგივრად, მის დათრგუნვასა და სხვა ობიექტზე გადაბრალებას ცდილობ, ყველაზე კარგ გასასამართლებელს კი შვილის სიცოცხლეს პოულობ. დღეს ჰუმანიზმითა და ქალის მიმართ პატივისცემით განმსჭვალულ მამაკაცებს ითხოვს ის საზოგადოება, სადაც „ბიჭები არ ტირიან“, აღმზრდელი მშობლები კი თავად მოძალადე აღსაზრდელებად რჩებიან…
ნინი ელიკა