ლევან დავითაშვილისოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს აგროსასურსათო სექტორისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების  მნიშვნელობაზე პრესკონფერენცია  გამართა.

როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ  რეკორდულად მცირე დროში მიაღწია  უპრეცედენტო შეთანხმებას, რაც საქართველოდან ჩინეთის რესპუბლიკაში  ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა აგროპროდუქტების ნულოვანი ტარიფით შესვლას გულისხმობს. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს აგროსასურსათო სექტორს.

,,ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა საქართველოსა და ჩინეთს  შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე  გადასვლა. აღნიშნული შეთანხმება სწორედ აქტიური თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის  მსოფლიოს უდიდესი ბაზარი (1.4 მილიარდი მომხმარებელი) გაიხსნა, რაც   აგროსასურსათო სექტორისთვის ახალი სუნთქვა,  დიდი შესაძლებლობა  იქნება. აგროსასურსათო სექტორი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სავაჭრო ბარიერების მიმართ. შესაბამისად,  ჩინეთის ბაზარზე აგროსასურსათო პროდუქციის ნულოვანი ტარიფით შესვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ექსპორტის ზრდას“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა  ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება რაც ჩინურმა მხარემ  ქართულ ღვინოსთან მიმართებაში მიიღო.  მიღწეული შეთანხმების თანახმად,  ქართულ ღვინოზე ნულოვანი საბაჟო ტარიფი გარდამავალი პერიოდის გარეშე დაწესდება (ზოგიერთ ქვეყანასთან ჩინეთს ღვინის ტარიფის გასანულებლად ათწლიანი გარდამავალი პერიოდი აქვს დაწესებული). აღსანიშნავია, რომ ჩინეთს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, ასეთი გადაწყვეტილება  არცერთ ქვეყანასთან არ მიუღია.

გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდება და 2017 წლის მეორე ნახევრიდან ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა. ეს ნიშნავს, რომ საბაჟო გადასახადი  ქართულ ღვინოს მოეხსნება, რაც ბევრად კონკურენტუნარიანს გახდის მას.

მინისტრის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი უკვე ტრადიციული ბაზრების რეალური ალტერნატივა გახდა. ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნებს შორის ჩინეთი უკვე მეორე ადგილზეა. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ კი, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ლევან დავითაშვილმა ქართული ღვინის ექსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთში ზრდამ 184% შეადგინა, სულ განვლილ 8 თვეში ექსპორტირებულია 3 368 361 ბოთლი.

პირველად ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიაში, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა  ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გადაასწრო ისეთ ტრადიციულ ბაზარს, როგორიც უკრაინაა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (14 664 610), ჩინეთი (3 368 361), უკრაინა (3 042 192) , ყაზახეთი  (2 287  826 ბოთლი) და პოლონეთი (1 367 960).

სოფლის მეურნეობის მინისტრმა რთველი 2016-ის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 13 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  18,4 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი,  960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. განვლილ დღ-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15,2  მლნ ლარი მიიღეს.

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*