კვირიკასაქართველოში მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Henkel-ის, კავკასიაში პირველი, წებოვანი, მშრალი ნარევი მასალების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა.

კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი პირობებია, – ასე შეაფასა რეგიონული მნიშვნელობის ქარხნის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც დღეს ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც საქართველოში გერმანული ბიზნესისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიმართულებით, განსაკუთრებული ძალისხმევის მიმართვაზე ისაუბრეს.

„ეს იქნება კიდევ ერთი პროდუქტი – Made in Georgia, რომელიც გერმანიის და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ნათელი მაგალითი იქნება. ორი წლის წინ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შევხვდით Henkel-ის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლებს და მაშინ იყო საუბარი ამ პროექტის დაწყებაზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის ძალიან ამბიციური გეგმები. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო სექტორის  განვითარება და ვფიქრობ, ამ ქარხნის გახსნა დროში ზუსტად ემთხვევა იმ ათვლის წერტილს, როდესაც ჩვენ ვიწყებთ განსაკუთრებული სისწრაფით წინსვლას ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა Henkel-ის წარმომადგენლებს, ახალი ქარხნის გახსნასთან ერთად, კომპანიის 140 წლის და მისი წამყვანი ბრენდის, Ceresit-ის 110 წლის იუბილეც მიულოცა, ხოლო კომპანიის წარმომადგენლებსა და ქარხანაში დასაქმებულ ადამიანებს წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახადა, განსაკუთრებით კი ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორ გიორგი პერტაიას.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ეს კომპანია არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა, Henkel-მა, რეგიონული წარმოებისთვის საქართველო აირჩია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქარხანა, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა და ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტექნიკური მიმართულებით განათლების კუთხითაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა Henkel-ის სამშენებლო მასალების დირექტორმა ზდენეკ ბრიჩმა.

„მინდა, მადლიერებით აღვნიშნო აქ არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და ჩვენი საერთო წარმატებული მომავლის. მწამს, ჩვენდა თქვენ ერთად ვიამაყებთ, რომ მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი პროდუქტი საქართველოშიდამზადდება. ამიტომ, ვულოცავ ჩვენ თავსა და თქვენ – საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს მომხმარებლებს.განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიმართ, მისი სტუმრობისა დამხარდაჭერისათვის“,- განაცხადა ზდენეკ ბრიჩმა.

Henkel-ის ქარხანა, Ceresit-ის ბრენდით, აწარმოებს 40-ზე მეტ ცემენტზე დაფუძნებულ პროდუქტს კრამიტის სახურავისთვის, ჰიდროიზოლაციისთვის, იატაკის დაგებისთვის და გარე თერმოიზოლაციისთვის, რომელიც გათვლილია, როგორც საქართველოს, ისე – სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე.

 

(Visited 102 times, 1 visits today)

კომენტარები