ბაქოში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადა, სადაც მომავალი ოლიმპიადისთვის დროშა საქართველომ ჩაიბარა. 2018 წელს ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. დროშა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ აზად რაჰიმოვმა გადასცა.
ოლიმპიადის ბოლო საშეჯიბრო დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ტარიელ ხეჩიკაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ აზად რაჰიმოვმა უმასპინძლა. მინისტრს შეხვედრა ჰქონდა მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან კირსან ილუმჟინოვთან.
საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა ოლიმპიადაზე მე-10 და 24-ე ადგილები დაიკავეს. ქალებმა 14 ქულა დააგროვეს, ამდენივე ქულა აქვთ ვაჟებსაც. 32 წლის ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ საჭადრაკო ოლიმპიადაზე ათ პარტიაში 8 ქულა მიითვალა და პირველ დაფაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ჯობავას მსგავსად შესანიშნავად ითამაშა ნინო ბაციაშვილმა, რომელმაც 10-დან 9 პარტია მოიგო და ქალთა მე-4 დაფაზე მხოლოდ ჩინელ ჟონგი ტანს (2475) ჩამორჩა, რამაც ქართველ მოჭადრაკეს მცირე ვერცხლის მედალი მოუტანა. ქალთა გათამაშების გამარჯვებული ჩინეთის ნაკრები გახდა, მეორე პოლონეთი იყო, ბრინჯაოს მედლი პოლონეთმა დაისაკუთრა. ვაჟთა შორის ოქროს მედალი აშშ-ს ნაკრებმა მოიგო, რომელიც ჩემპიონი 40-წლიანი შესვენების შემდეგ გახდა. ვერცხლის მედალი უკრაინის ნაკრებს, ბრინჯაო კი რუსეთს შეხვდა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ოლიპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი , ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენი ზურაბ აზმიფარაშვილი და ვეტერანი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი.