merab-mamardashvili

დღეს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – მერაბ მამარდაშვილი  86 წლის გახდებოდა. (დ. 15 სექტემბერი, 1930 ― გ. 25 ნოემბერი, 1990).

მამა, კონსტანტინე (კოტე) მამარდაშვილი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი იყო. ამიტომ ქვეყნის სხვადსხვა მხარეში უხდებოდა სამსახური და ცხოვრება. იმჟამად, მერაბის დაბადების დროს, გორში მსახურობდა.

დედა, ქსენია პლატონის ასული გარსევანიშვილი დიასახლისი იყო.

ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კოტე მამარდაშვილს ცოლ–შვილი გორიდან თბილისში გადმოჰყავს. ბინას აძლევენ უნივერსიტეტის წინ, ჭავჭავაძის N 24–ში. მერაბი სწავლას აგრძელებს თბილისის N 14 სკოლაში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული მოაზროვნე იყო, არ აკმაყოფილებდა მიღებული ცოდნა. მუდამ ძიებაში მყოფს, უჭირდა იმის პოვნა, რაც მის მოუსვენარ სულს და ცნობიერებას დააკმაყოფილებდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1949 წ. მერაბი თბილისში ტოვებს დედას და დას, იზას და თვითონ მოსკოვს მიემგზავრება, სადაც მამამისი ბატონი კოტე იმყოფებოდა იმჟამად.

მერაბ მამარდაშვილი სწავლას აგრძელებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა ეწაფება ბერძნულ ფილოსოფიას, ფრანგულს, გერმანულს. იოლად ეუფლება ენებს. წერს კი მხოლოდ ქართულად და რუსულად. მერაბ მამარდაშვილი ასე იგონებს სტუდენტობის წლებს:

,,მე გამიტაცა კითხვის ნაკადმა, რომელიც შემთხვევით ფრანგული საკითხავი მასალა აღმოჩნდა:მონტენი, მონტესკიე, ლიბოესი, რუსო, სწორედ მათ ჩამოაყალიბეს ჩემი სიჭაბუკე.ჩემი თავი სიმარტოვეში ჩამოვაყალიბე, ფრანგული წიგნების წყალობით და არც კი ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით, თბილისის უნივრსიტეტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნამყოფი იყვნენ გერმანიაში. ქართველები, რომლებიც იყვნენ გერმანიაში გაგზავნილნი ფილოსოფიის შესასწავლად და დაბრუნდნენ. მე კი ‘სიბრძნის შესასწავლად’ მოსკოვის უნივერსიტეტში გავემგზავრე და იქ ვერაფერი ვიპოვე.”

1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის “ვოპროსი ფილოსოფიი” მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.

1987-1990 წლებში მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისპროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) გავლენის მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.

2001 წლის მაისში თბილისში გაიხსნა მამარდაშვილის ბიუსტი (ძეგლის ავტორი: ერნსტ ნეიზვესტნი).

  • მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა – მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულებია იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება
  • ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!
  • ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია…
  • ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!
  • მივხედოთ სკოლებს, სპეციალობებს, ჩვენ ისედაც გვაკლია პროფესიონალიზმი, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ამის გარეშე, მაინც ჯიუტად გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, ძალიან მალე გავირიყებით ნაპირზე ისევ ისეთივე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…
  • შეგიძლია ისე მოკვდე, რომ არასოდეს აღმოაჩინო, რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად, გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთსა და იმავე  ნაჭერს, ისე, რომ ვერცერთხელ ვერ გადაყლაპა იგი!

ნატალია ჯალაღონია

(Visited 212 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*