კათოლიკური ეკლესიის კურიაში რომის პაპის ვიზიტის პროგრამა ჟურნალისტებს ოფიციალურად წარუდგინა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და დიაკონმა ედვარდ გოგილაშვილმა.
ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღნიშნა, რომ პაპის წირვაზე დასწრებას შეძლებს ნებისმიერი მსურველი, რელიგიური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად. თუმცა, ამისთვის, მათ საქართველოს ტერიტორიაზე მდგარ ნებისმიერ კათოლიკურ ტაძარს უნდა მიაკითხონ და უფასო ბილეთები აიღონ. მსურველებს შეუძლიათ კათოლიკე ეკლესიის კურიას დაუკავშირდნენ ნომერზე: 2 99 60 50
პაპის ვიზიტის განრიგი კი ასე გამოიყურება:
30სექტემბერს 15.00 საათზე პაპ ფრანცისკეს საქართველოში ელოდებიან.
15:30-ზე იგი პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდება.
16:00-ზე პრეზიდენტის სასახლეში პონფიფექსი ხელისუფლების, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს.
16:40-ზე დაგეგმილია ილია მეორისა და პაპი ფრანცისკეს შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, სადაც ეკლესიის მეთაურები სიტყვას წარმოთქვამენ.
18:00-ზე პაპი მოინახულებს ასირიულ-ქალდეური წესის საკრებულოს წმ. სიმონ მღებავის სახელობის კათოლიკურ ტაძარში, სადაც ილოცებს.
1 ოქტომბერს პაპი წირვას აღავლენს 10:00-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
15:45-ზე ის მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალში მღვდლებთან და ბერ-მონაზვნებთან შეხვედრას გამართავს.
17:00-ზე კამილიელთა ცენტრის ტერიტორიაზე ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის ბენეფიციარებთან და მუშაკებთან შეხვედრა გაიმართება.
18:15-ზე პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს, სადაც პატრიარქი ილია მეორე და პაპი ერთმანეთს მიესალმებიან.
2 ოქტომბერს
07:55-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამშვიდობების ცერემონია გაიმართება, საიდანაც პაპი ბაქოში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ პაპი ფრანცისკე საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
სოფიკო ნინიკაშვილი