ლევან იზორიასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. სხდომის მუდმივმოქმედი წევრების წინაშე მთავარ მომხსენებლებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გამოვიდნენ. შეხვედრაზე 2017 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზეც იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოში გამართული შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან სხდომაზე განხილილული საკითხების შესახებ ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, სტრატეგია თავდაცვაზე და საფრთხეების შეკავებაზეა ორიენტირებული.

„პრაქტიკულად ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება. შეხვედრა ეხებოდა თავდაცვის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ჩვენი უწყების ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მომზადდა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ვარშავის სამიტზე მიღებული საფრთხეების შეკავების სტრატეგიით და აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმით, კერძოდ კი საქართველოს მზადყოფნის პროგრამით. ორივე ამ დოკუმენტის მთავარი ამოცანაა მოხდეს შეიარაღებული ძალების ისეთი მოდერნიზება, რომ ის იყოს საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, გვქონდეს უნარი თავად გავუმკლავდეთ მტერს, შევძლოთ საფრთხეების შეყოვნება და თავდასხმის შემთხვევაში მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მოწინააღმდეგეს. ეს არის სტრატეგია, რომელიც თავდაცვის განვითარებაზეა ორიენტირებული.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან და ნატოსთან. ნატოს ფარგლებში გვაქვს არსებითი პაკეტი, რომელიც 13 მიმართულებას ითვალისწინებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ერთობლივი წვრთნების და შეფასების სისტემის მაქსიმალური ხელშეწყობა. ეს ინიციატივა უკვე დაწყებულია.

შემდეგი ინიციატივა გახლავთ საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება. ამ ინიციატივის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებლობას ჩვენთან ერთად საფრანგეთის მხარე იღებს. რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას თავდაცვის სფეროში, ის უკავშირდება საქართველოს მზადყოფნის პროგრამას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი ქვედანაყოფები პრაქტიკულ დონეზე უნდა იყვნენ მზად საფრთხეების შეკავებისთვის, შეძლონ ამ საფრთხის შეყოვნება და მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომავალი წლიდან ვიწყებთ სამი ბატალიონის მომზადებას. ამისთვის ათეულობით მილიონი ლარი გამოიყოფა, რათა მოხდეს აღნიშნული საპილოტე პროექტის ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობით ამ ქვედანაყოფების აღჭურვა. ასევე უნდა მოხდეს ოპტიმალური პერსონალის შერჩევა და ბუნებრივია ისეთი წვრთნების შეთავაზება, რომელიც სწორედ ამ სტრატეგიული მიზნების იმპლემენტაციისთვის იქნება მნიშვნელოვანი. შემდეგში უკვე მნიშვნელოვანია მისი ინსტიტუციონალიზაცია. ჩვენ უკვე ჩვენი ინსტრუქტორებით და თავდაცვის ინსტიტუტების საფუძველზე უნდა შევძლოთ ამ ამოცანებზე ადეკვატური პასუხის გაცემა. სტრატეგიული განვითარების გეგმა ოთხ წელს მოიცავს. ჩვენ უკვე ხუთი მიმართულება გვაქვს გაწერილი, რომელიც ამ სტრატეგიის ფარგლებში შეირჩა და ოთხი წლის განმავლობაში კონკრეტული ნაბიჯებითაა განსაზღვრული.

დღეს იყო აბსოლუტური მზაობა და პოზიციების თანხვედრა, რომ ეს მართლაც ამბიციური გეგმაა და ესადაგება როგორც ნატოს სტანდარტებს, ისე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. დღეს მოხდა უწყებებს შორის კონსულტაცია. ამ დისკუსიაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უშიშროების საბჭო აქტიურად იყო ჩართული. შემდგომში ეს ფორმატი უფრო ფართო გახდება. ოქტომბრის თვეში ვგეგმავთ ფართო საზოგადოებაც ჩავრთოთ დისკუსიაში. შესაძლებლობა გვექნება დეტალებზე ექსპერტებს, არასამთავრობო სექტორს და საზოგადოების ფართო სპექტრს ვესაუბროთ. მასქიმალური ჩართულობით ეს სტრატეგია უფრო კონკრეტულ სახეს მიიღებს.

აღნიშნული ხედვის ერთ-ერთი მიმართულება სტრატეგიული მართვა გახლავთ. სტრატეგიული მართვა ერთის მხრივ გულისხმობს როგორც სხვადასხვა უწყებების ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მოქმედებას, ასევე იმ პრიორიტეტების განსაზღვრას, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ბიუჯეტის ახლებურად ჩამოყალიბება. საფრთხეებზე ადეკვატური პასუხის გასაცემად უფრო მოქნილი ტექნიკის შეძენა ბუნებრივია გარკვეულ გადახალისებას ითხოვს. შესაბამისად, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა ახლებურად მოხდება“ – აღნიშნა ლევან იზორიამ.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*