კვირიკასაქართველოს აქვს  სრული პოტენციალი, რომ ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რუმსში“  ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სივრცითი მოწყობის ფუნქციაა უზრუნველყოს სივრცის რაციონალური მდგრადი და დაბალანსებული დაგეგმვა.

„წაახალისოს ინტეგრაცია ისეთ სექტორებს შორის, როგორიცაა ბინათმშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა და მრეწველობა. ასევე მოახდინოს საქალაქო და სოფლის რეგიონების კავშირების გაუმჯობესება. სწორედ ამ ინსტრუმენტის საშუალებით იქნება შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება ინვესტიციისთვის და განვითარებისთვის უფრო სტაბილური და გათვლადი პირობების შედგენა, რაც თავის მხრივ, განვითარების გარანტიას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს უწყობს, მიწისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ, რაციონალურ გამოყენებას. კომპლექსური მიდგომით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და ანალიზის საფუძველზე ყალიბდება ხედვა, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული სამუშაო გეგმები, დემოგრაფიის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების, განათლების და რაც მთავარია, საქართველოს რეგიონების სფეციფიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა სივრცითი მოწყობის მიმართულებით, ტერიტორიებისა და კურორტების გენერალური გეგმების შემუშავება, მთელი ქვეყნის სივრცით მოწყობის გააზრება და შემდგომი განვითარება.

„საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ქვეყნის სივრცითი მოწყობის სქემის შექმნაზე და ამ რეფორმის ფარგლებში უნდა შეიქმნას უპირველეს ყოვლისა, ახალი სატრანსპორტო არტერიები. საქართველოს აქვს  სრული პოტენციალი, რომ ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. ამ კონტექსტში უდიდესი როლი ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და განვითარებას თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები.

„ეს იქნება ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს გააძლიერებს და მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის და საცხოვრებელი ადგილისთვის, გადაადგილებისთვის. არსებული საავტომობილო გზები, ავტობანების არსებული მონაკვეთები, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული კორიდორების  ძირითადი დანიშნულება იქნება ამ გზების თანამედროვე სტანდარტებთან  შესაბამისობაში მოყვანა, ახალი გზების დამატება და ერთიანი ჩონჩხის შეკვრა, რომელიც ქვეყანას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს და ყველა რეგიონს გახდის სიცოცხლისუნარიანს, ცხოვრებისთვის ვარგისს, ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები