ცესკოშსს-მ და ცესკომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინირებულ საქმიანობას მოითხოვს, რათა არჩევნების პროცესში უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული.

„მემორანდუმის თანახმად, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ურთიერთთანამშრომლობის გზით ხელი შევუწყოთ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების უსაფრთხო, მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ამ მემორანდუმზე ხელმოწერით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთანხმდებით, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენი საერთო მიზნისთვის – ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისათვის. ვფიქრობ, კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება არსებითი საფუძველი მშვიდობიანი, გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო გარემოს შექმნისათვის“- განაცხადა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შსს-სა და ცესკოს ურთიერთგაგების მემორანდუმით განისაზღვრა თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ასევე ერთობლივ ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.

მემორანდუმი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციების გათვალისწინებით გაფორმდა.

(Visited 15 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*